გიორგი წიქარიშვილი: სახელმწიფო ეს არის…. არა ზვიად გამსახურდია, არა ედუარდ შევარდნაძე, არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი ბიძინა! სახელმწიფო ეს არის მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე!

დიპლომატ გიორგი წიქარიშვილს გზის გადაკეტვის საბაბით 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. იზოლატორის დატოვების შემდეგ ის facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„მე სამართალდამრღვევი არ ვარ! ქვეყნის სიყვარული და ერთგულება სამართალდარღვევა არ არის! ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არაფერი მჭირს გამოსასწორებელი და მით უმეტეს იზოლატორში გამოსაკეტი! ჩემს დაკავებას არაფერი აქვს საერთო არც კანონთან და არც სამართალთან. მაშინ როდესაც გზის გადაკეტისთვის იჭერენ უბრალო ხალხს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მოხუცებს… ქალები აჰყავთ სახლებიდან გამთენიისას, ტერორისტებივით და ამ დროს ხალხი, ვისაც ბრალად ედება, რომ ქვეყანას მოპარა მილიონები (თუ არა მილიარდები), წურბელები, ვინც გაძარცვა ქართული ჯარი, მოპარა თქვენს შვილებს, ქვეყნის განვითარებას და ნახევარი საქართველო დასვა სოციალურ შემწეობაზე, ეს ხალხი დღეს თავისუფლად გადაადგილდება მრავალათასიანი ავტომობილებით და აქეთ დაგვცინის. ეს არ არის სამართალი! ეს არ არის ნორმალური!..
მე არ შევალ ბუღალტერიაში, რამდენმა უნდა გადაკეტოს ქუჩა, ოცმა კაცმა, ორმოცდაათმა თუ ასი ათასმა. არასწორია ამაზე საუბარი და მორალურად გაუმართლებელი. კანონის მიხედვით, ბევრი რამე არ მოსულა ამ ქვეყანაში, დაწყებული ს გაყალბებით, გაგრძელებული ქუჩაში ნაცემი ახალგაზრდებით, ძვლების დამტვრევამდე, დასისხლიანებამდე, პირდაპირ ეთერში. შენ თუ მართალი კაცი ხარ, ჯერ ეგ შეიმჩნიე და მერე იქნებ აღარც გახდეს საჭირო ქუჩის გადაკეტვა. ნახევარსაათიანი ქუჩის გადაკეტვაა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა? მგონი უფრო სირაქლემას პოზა, თვითონ მოდუნება და ასეთი პოზაა სახიფათო! ათასზე მეტი ადამიანიც მდგარა რუსთაველზე, მაგრამ ხელისუფლებას ორივე ყური აქვს თითებით დახშული და ჯიუტად არ იმჩნევს პროტესტის ხმას. მილიონერთა ჯგუფი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ლეგიტიმურად მართავს ღარიბ ქვეყანას, არ უსმენს ხალხს, არ იმჩნევს პროტესტს, რომელიც ერთი წელი უწყვეტად, ჯიუტად გრძელდება. ეს არ არის ნორმალური! ეს არ არის სამართალი!
ჩვენ გადავკეტეთ რუსთაველი მხოლოდ ოცი წუთით, სიმბოლურად, რომ როგორმე ძალით მიგვეპყრო ხელისუფალის ყურადღება. გადავკეტეთ დედაქალაქის მხოლოდ ერთი ქუჩა, მაშინ როდესაც ერთმა პარტიამ გადაკეტა გზა საქართველოს მომავლის, ერთპიროვნულად უგულვებელყო ქართველი ხალხის არჩევანი და ჩაგვიხერგა გზა ევროკავშირისკენ და არ გვიშვებს, არ გვატარებს, არ უნდათ, არ აწყობთ. ჯერ კიდევ ბევრი მილიარდია ამ ქვეყანაში მოსაპარი! ზუსტად რომ ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს გამჭვირვალობა, ღია ტენდერები, განვითარება, სამართლიანი სასამართლო.. აი, რეალურად რა არ უნდათ, რეალურად რა არ აწყობთ! გეყოფათ ხალხზე ფსიქოლოგიური ძალადობა პროპაგანდით და გაუთავებელი ბოდვები გამოგონილ მტრებზე და სასაცილო ბრძოლები ქარის წისქვილებთან! რუსთაველის დაკეტვა ვერ იქნება იმაზე დისკომფორტული ვიდრე ქვეყნის ჩაკეტვა და იზოლაციით გამოწვეული დისკომფორტი. არც აქ არ არის სამართალი! არ არის ეს ნორმალური!
მე პირადად დისკომფორტი შემიქმნია რუსულნომრიანი ავტომობილისთვის, ეტყობა ხაჭაპურის საჭმელად დავაგვიანე და ვაზარალე ქართული ეკონომიკა. ყველას, მათ შორის ,,ვინც პოლიტიკაში არ ერევა” შეუძლია გაახილოს თვალი და დაინახავს, როგორ იზრდება ქვეყანაში რუსული გავლენები, როგორ მიზანმიმართულად გაყავთ ევროკავშირი მისგან დარჩენილი სიკეთეებით და მოცოცავს . ყველგან რუსი, რუსული ბიზნესი, რუსულნომრიანი ავტომობილები, არ გამიჭირდა მომეძებნა, ლამის ყოველი მეოთხე რუსული მანქანა დასეირნობს რუსთაველზე თავისუფლად, ლაღად, კომფორტულად და მე, ამ ქვეყნის პატრონი (ჯერჯერობით), ამ ქვეყნის მოქალაქე, სიცივით გათოშილი ვდგავარ რომ დავიცვა ევროპული მომავალი და თურმე დისკომფორტს ვუქმნი რუს ტურისტს! ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი დიდძალი ფული, ვერანაირი ვაჭრობა და ვერც ერთი ვაჭარი მე ვერ შემაყვარებს ამ ქვეყანას, გამორიცხულია. ორგანულად მეზიზღება ყველაფერი რუსული! ვერ ვარ ისეთი ქრისტიანი, მეორე ლოყა მივუშვირო, როცა პირველი ჯერ კიდევ საშინლად მტკივა! ხოდა მოქალაქე, ვისთვისაც სამშობლო ერთ ჭიქაში ჩატეული მთა და მდელოზე მჭერმეტყველი სადღეგრძელო არაა დამეთანხმება, რომ არც ესაა ნორმალური! არაა აქ სამართალი!
გულწრფელად ვიტყვი, სასიამოვნოდ გამიკვირდა პოლიციის დამოკიდებულება, მათთან ადამიანური და კორექტული ურთიერთობა, აზრთა გაცვლაგამოცვლა და ეს არ იყო იმიტომ რომ ყოფილი საჯარო მოხელე ვარ. ეს რომ გამიკვირდა ესაა აქ რეალურად ტრაგედია, გვახსოვს დეკემბერის დღეები. მე მჯერა, რომ ამ ბიჭებს გულწრფელად ჯერათ, რომ ემსახურებიან კანონს და შესაბამისად სამშობლოს. ტექნიკურად ასეა, კანონს ემსახურებიან, მაგრამ რომელ კანონს და სამართალს ემსახურებით ბიჭებო? ხვალ, პროტესტით გაღიზიანებულმა პარტიამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, სიკვდილით დაისაჯოს ყველა, ვინც გზას გადაკეტავს, თქვენ რა, მოხვალთ, ღიმილით ჩამკიდებთ ხელს, მიმაყენებთ კედელთან და თავაზიანად დამხვრეტთ? ესეც ხომ კანონის მსახურება იქნებოდა, ამაზე გიფიქრიათ? გუშინ რომ თქვენი სიცოცხლის რისკის ფასად კრიმინალი დაიჭირეთ, დღეს ე.წ. პრეზიდენტმა გამოუშვა, ციხეში ადგილები გამოუთავისუფლა ქალებს, მოხუცებს, პროტესტს…ხვალ ის კრიმინალი ისევ თქვენი დასაჭერია, თქვენი სიცოცხლის რისკის ფასად. ეს სამართალია?! არა, ვერ იქნება ეს ნორმალური!
დაკავებიდან პირველივე წუთებში მოვითხოვე სახალხო დამცველთან შეხვედრა, არა მის წარმომადგენელთან, მასთან პირადად. გამახსენდა მერე, რომ ერთი რიგითი, უბრალო მოკვდავი ვარ, აბა სად მე, სად ის. უბრალოდ, თავად იკითხა რას აიჩემეს ეს გადაკეტვაო და მინდოდა ამეხსნა ჩემი ,,აჩემება”, პირისპირ, თან დამესვა კითხვები, მაგალითად, მანდატის ჩაბარებისას რომ ,,გაწიკწიკებული” ადამიანის უფლებები ჩავაბარეთ, რატომ მცირდება ,,შაგრენის ტყავივით” ყოველ ჯერზე როცა კი მას ხელფასი ეზრდება? არც კი მინდა წარმოვიდგინო, მისი ხელფასი როცა 20 000 ლარს მიაღწევს ჩვენ უფლებების ნამცეცები მაინც თუ დაგვრჩება?
ესაა ჩემი სიმართლე, ამიტომაც გადავკეტე! არ მინდა ცუდად ვიქნა გაგებული, არ ვაპირებ მეტი კომენტარის გაკეთებას, მით უმეტეს ტელევიზიებით კეკლუცს. არაფერი გამიკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე რუსთაველზე ერთი წელი ჯიუტად მდგომ რიგით აქციის მონაწილეს და აქვე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული თითოეულ მათგანს. მეც ასე მინდა, დავრჩები რიგით აქციის მონაწილედ, ყოველ დღე თუ ვერ, კვირაში რამდენიმე დღე მეც ჩავერთვები ამ ჯერ არნახულ, ჯიუტ პროტესტში ჩემთვის, ჩუმად, მშვიდობიანად.
გამძლეობას ვუსურვებ ჩემს თანამესაკნეს, 22 წლის მაგარ და ჭკვიან ბიჭს სერგი ყანჩელს. ბიჭს, ვისაც ერთი არ დაუჩივლია იქაურ პირობებზე, მხოლოდ ერთი უნდოდა, რომ ჰქონდეს ფანქარი და ლექსები წეროს. არაო, არ შეიძლებაო. ფანქარმა წვეტიანი აზრები იცის და სახიფათოა ეტყობა, ასეცაა!
დიდება საქართველოს ევროპულ მომავალს! სოლიდარობა სინდისის პატიმრებს! სახელმწიფო ეს არის…. არა ზვიად გამსახურდია, არა ედუარდ შევარდნაძე, არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი ბიძინა! სახელმწიფო ეს არის მისი უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქე!”, – წერს ის.