გზის გადაკეტვის საბაბით პატიმრობაში გაშვებული დედა-შვილის ამბავი — მოსამართლე ენუქიძის მორიგი გადაწყვეტილება

მოსამართლე ნინო ენუქიძემ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და პენსიონერ ქალს 3 ნოემბრის აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით“ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ფატი ბაგრატია სხდომას არ დასწრებია. ის პროცესის მიმდინარეობისას ზესტაფონიდან თბილისში მოემგზავრებოდა. მოსამართლემ სხდომის გადადების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. არ გაითვალისწინა არც ადვოკატების დასაბუთება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად იქნებოდა ცნობილი, სასამართლო მისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემით შემოფარგლულიყო.
ფატი ბაგრატია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაია მარგიშვილის დედაა. ბაია მარგიშვილს ამავე მიზეზით, რომ 29 ოქტომბერს „გზას ხელოვნურად კეტავდა“, ზვიად ცეკვავამ 7 ნოემბერს შეუფარდა 14-დღიანი პატიმრობა და ის ზესტაფონის იზოლატორშია გამწესებული. დედა თბილისიდან ზესტაფონში ყოველდღე ჩადის და იმავე დღეს უკან ბრუნდება. ასე იყო დღევანდლამდე, სანამ თავადაც შეუფარდებდნენ პატიმრობას.
ბაია მარგიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და დედას მისთვის ყოველდღე ჩააქვს მედიკამენტები და მდგომარეობის მართვის საშუალებები. გარდა იმისა, რომ ყოველთვის არ აძლევენ იზოლატორში რამდენიმე დღის სამყოფი საშუალებების შეგზავნის საშუალებას, მას სურს, რომ შვილმა იცოდეს, დედა ყოველდღე მასთან ფიზიკურადაც ახლოსაა, ელოდება და მხარს უჭერს.
ადვოკატებმა მიმართეს სახალხო დამცველის აპარატსაც, -ს დაქვემდებარებაში მყოფ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსაც მოთხოვნით, რომ ბაია მარგიშვილი თბილისის რომელიმე იზოლატორში მაინც გადმოეყვანათ, თუმცა პასუხი არცერთი დაწესებულებიდან არ მიუღიათ.
დღეს, როცა ფატი ბაგრატია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიძახეს მისი საქმის განსხილველად, ზესტაფონის იზოლატორიდან შვილთან მოკლედ დროით შეხვედრაზე თანხმობაც მიიღო. დედამ არჩევანი შვილთან შეხვედრის სასარგებლოდ გააკეთა და ამ მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში.
ფატი ბაგრატიას ადვოკატებმა, ვერიკო გაგუამ და მარიკა არევაძემ, სხდომის გადადება მოითხოვეს მინიმუმ 21 ნოემბრამდე, სანამ ბაია იზოლატორს დატოვებდა, რადგან პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, იგი რჩება ყურადღების გარეშე. გარდა ამისა, შვილის იდენტური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს თავად ქალბატონ ფატისაც და მასაც შესაბამისი მომზადება სჭირდება, თუ იზოლატორში მოუწევს დღეების გატარება. მოსამართლე ენუქიძემ განაცხადა, რომ ფატი ბაგრატიას სხვა შვილიც ჰყავს (ბაიას ძმა, რომელიც ოჯახის მარჩენალია და მუშაობს) და ვერ გაიზიარებს არგუმენტს, თითქოს, ბაია მარგიშვილს და მის ჯანმრთელობას სხვა ვერ მიხედავს დედის გარდა.
შვილის მხარდასაჭერად და მის მხარდამხარ ყოფნის მოტივაციით გადავიდა ფატი ბაგრატია 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მანქანების სავალ ნაწილზე სხვა დემონსტრანტებთან ერთად და შვილთან ერთად ხელიხელჩაკიდებული იდგა. ამის გამო გასამართლდა დაუსწრებლად და ამის გამო შეეფარდა პატიმრობა. მას სავარაუდოდ, სახლში მიაკითხავენ დასაკავებლად.
ფატი ბაგრატიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, -ს პრაქტიკა დემონსტრანტებთან მიმართებით იმას ნიშნავს, რომ რა წამს 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით დაპატიმრებული ბაია მარგიშვილი ზესტაფონის იზოლატორს დატოვებს, იმავე დღიდან მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება 3 ნოემბერსაც გზის გადაკეტვის საბაბით.
ხმაურიანი იყო 7 ნოემბერს ბაია მარგიშვილის პროცესი, როდესაც 29 ოქტომბრის აქციაზე მის „სამართალდარღვევას“ განიხილავდნენ და რომელსაც დედამისი, ფატი ბაგრატიაც ესწრებოდა. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო, მოსამართლე ცეკვავამ ბაია მარგიშვილი 200 ლარით დააჯარიმა და სხდომიდან გამოაძევა.
ბაიამ, რომელიც თავადაც იურისტია, ბრალდებულებისა და სამართალდამრღვევებისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდომაზე უარი განაცხადა. ადვოკატს საქმის მასალები გამოართვა და მოსამართლის თვალწინ დახია, განმარტებით, რომ სწორედ ასე გადაახია ირაკლი მ კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებას და ის არც ცეკვავას ცნობდა მოსამართლედ.
ბაია მარგიშვილი დაპატიმრებას სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ელოდა, გამზადებული ჩანთით, რომლის თან წაღება იზოლატორში ვერ შეძლო. დედის თვალწინ ჩასვეს ის პატრულ-ინსპექტორებმა მანქანაში და ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის ჩახშობის მიზნით, ისედაც რეპრესიული რეგულაციები „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამკაცრა.18 ოქტომბრიდან სასამართლო 15 დღემდე პატიმრობაში უშვებს დემონსტრანტებს გზის გადაკეტვის საბაბით. „სამართალდარღვევის“ განმეორების შემთხვევაში კი, მათ სისხლის სამართლის წესით გასამართლებით ემუქრება.
61 წლის ზურა მენთეშაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი დემონსტრანტია, რომელსაც პროტესტის უკომპრომისოდ გამოხატვა სისხლისსამართლებრივ დევნად დაუჯდა. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზურა მენთეშაშვილს უკვე აქვს შეფარდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. დაკავების დღიდან, პირველი ნოემბრიდან, უკვე მე-13-ე დღეა შიმშილობს.