„ვაჭრობის საერთო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია – ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან დინამიურად იზრდება“ – მიხეილ ხიდურელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთის საერთაშორისო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში 40-მდე ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
როგორც მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, საქართველო შანხაის მასშტაბურ გამოფენაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, რამაც განსაკუთრებით გაზარდა გამოფენის ვიზიტორების ინტერესი საქართველოს პავილიონების მიმართ.
„საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა უდიდესი უპირატესობა მოგვცა ვყოფილიყავით გამოფენის ასიათასობით ვიზიტორის ფოკუსში. საქართველოს პავილიონებთან რიგები არ წყდებოდა – ვფიქრობთ, რომ შანხაის გამოფენის შედეგად, ქართული კომპანიები უფრო აქტიურად შეძლებენ საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გატანას, რაშიც მათ ჩვენი სააგენტო აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას,“ – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
მიხეილ ხიდურელმა ასევე გაამახვილა ყურადღება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე – მასზე პოზიტიური გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობამ 300 მლნ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს ათ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს შორის მოხვდა.
„თუ გადავხედავთ ვაჭრობის საერთო ბრუნვას 2017 წლიდან 2024 წლამდე – იგი 900 მლნ დოლარიდან 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. დაახლოებით 50%-ით გაზრდილი ექსპორტი იმას მიუთითებს, რომ საქართველო – ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რანგში იქნა აყვანილი.
„საქართველოს პრემიერ – მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ჩინეთში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას განსაკუთრებული სტიმული მისცა. საერთაშორისო გამოფენები, სავაჭრო მისიები და ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს ქართულ – ჩინური ბიზნესკავშირების გამყარებას. შედეგად, მოველით ჩინეთის მხარესთან როგორც სავაჭრო ბრუნვის, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას,“ – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ქართული დელეგაცია ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე – China International Import Expo (CIIE) იმყოფებოდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, გამოფენაზე საქართველო 3 თემატური პავილიონით და საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გაიმართა ქართული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები, კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“