თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად 11 მილიარდია, ინდუსტრიას კი ბიუჯეტში მხოლოდ 900 მილიონი შეაქვს – გიორგი ბახტურიძე

თამბაქოს ადგილობრივ ინდუსტრიას საგადასახადო შეღავათები 2028 წლამდე შეუნარჩუნდება. საუბარია ნედლეულის იმპორტის შეღავათზე, რომლის წინა გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი 2022 წელს დაუჭირა და მაშინ ის 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
ცვლილება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა, რომელსაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, შეღავათის გახანგრძლივება ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლის ლობირებით მოხდა.
„მომხმარებელს ადგილობრივი ნაწარმი მოკლავს, თუ – უცხოური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას განსხვავება არ აქვს. არანაირი შეღავათები თამბაქოს ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არის ეკონომიკურად წამგებიანი დარგი იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში შედის დაახლოებით 900 მილიონი ლარი, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ კი თითოეული ჩვენი მოქალაქე თავისი გადასახადებიდან დაახლოებით 2 მილიარდ ლარს ხარჯავს – ეს არის როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯები, ასევე, კონკრეტული ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამები. ასევე, დაახლოებით 2 მილიარდია დამწვარი თანხა, რომელიც იწვება თამბაქოს მომხმარებლების მხრიდან ამ ლეტალური პროდუქტის შეძენაზე. რეალურად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში, მთელ მოსახლეობაში თუ 73 წელია, მწეველებს შორის კი ეს მაჩვენებელი 56 წელია. ამ ადამიანებს შეეძლოთ ცხოვრების განმავლობაში დოვლათის შექმნა და ციფრებში რომ გადავიყვანოთ ეს არაპირდაპირი ზარალი, დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გამოდის. ჯამში მივიღეთ 11 მილიარდი, გამოდის რომ თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი წელიწადში 11 მილიარდია, ინდუსტრიას კი ბიუჯეტში მხოლოდ 900 მილიონი შეაქვს“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.