ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მიერ თავისუფალი მედიის ჯილდოს მიღებას და აცხადებს, რომ მზიას საქმე არის სიმბოლო დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მიმართული შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიის, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა.
„1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში პირველად იზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი. სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოვანები და პოლიტიკოსები — ყველა, ვინც აპროტესტებს, ერთი და იმავე, ყალბი მიზეზებით ხვდება ციხეში. რეპრესიები არავის ინდობს: ცოტა ხნის წინ დააკავეს აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის პირი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის“, — ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.
მედიისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის (CMIS) მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ შევიწროების სულ მცირე 434 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის მინიმუმ 122 ფაქტი.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის შეფასებით, გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით გამოირჩეოდა, რეპრესიების ეს ტალღა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ სასოწარკვეთილ მცდელობას, ჩაახშოს პროტესტი, რომელიც უკვე 349 დღეა უწყვეტად გრძელდება.
ჰელსინკის კომიტეტი წერს, რომ აქციები თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ — ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი პროტესტის შეზღუდვისა და კრიმინალიზაციის მიზნით, მათ შორის, 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სახის დაფარვა. ვითარების შემდგომი ესკალაციისთვის პარტიამ ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით. ამავდროულად, რვა მთავარი ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„ამ კანონების მიზანი ნათელია — ისინი მიმართულია რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მათ უნდა გააუქმონ კანონები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, გაათავისუფლონ ყველა პირი, ვინც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის დააკავეს, და უზრუნველყონ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებასა და შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა“, — ამბობს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი ბერიტ ლინდემანი.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის შეფასებით, მზარდი რეპრესიების ფონზე, იმედი ჯერ კიდევ არსებობს — სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება და ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, დანებებას არ აპირებს.




