უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი – გაიზარდოს
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ჯარიმების ოდენობა კი – გაიზარდოს.
ამას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქში ჩადენილი სამართალდარღვევა ჯარიმდება 3 000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში: ქალაქში – 2 000 ლარით, დაბასა და სოფელში – 200 ლარით.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მოცემული ჯარიმები სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის 25 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იგივე სამართალდარღვევა კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
ამავე პროექტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.




