ჯეფრი ეპშტეინი რუსეთს დონალდ ტრამპის შესახებ ინფორმაციას სთავაზობდა, – ამის შესახებ გამოცემა Politico აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატი“ წევრების მიერ გამოქვეყნებული ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც მის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს შეიცავს.
გამოცემა წერს, რომ 2018 წელს ჰელსინკში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, ჯეფრი ეპშტეინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, სერგეი ლავროვისთვის შეტყობინების გადაცემა სცადა: „თუ ტრამპის გაგება გსურთ, მაშინ მე დამელაპარაკეთ“.
„შეგიძლიათ პუტინს შესთავაზოთ, რომ ლავროვს ჩემთან საუბრით ინფორმაციის მიღება შეუძლია“, – წერს ეპშტეინი ტორბიორნ იაგლანდს, რომელიც იმ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო.
ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებაში ეპშტეინი წერს, რომ დონალდ ტრამპის შესახებ გაერო-ში რუსეთის ყოფილ ელჩს, ვიტალი ჩურკინს ესაუბრა.
ამასთან, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ჟურნალისტი მაიკლ ვოლფისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერს, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“.
კონგრესმენებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხელმოწერები შეაგროვეს პეტიციისთვის, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტების სრულად გამოქვეყნებას ითვალისწინებს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კენჭისყრას, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებას მოითხოვს, მომავალ კვირას ჩანიშნავს.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.




