„ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება“ – რომელი პროფესიების რეზიდენტებს დააფინანსებს სახელმწიფო
რეზიდენტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მან დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შესწავლა, რომელია დეფიციტური პროფესიები და შესაძლოა, სწორედ მათი დაფინანსება დაიწყოს სახელმწიფომ.
„უფასო რეზიდენტურა აუცილებელია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები ამას ეთანხმებიან. ვფიქრობ, ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. რეზიდენტურის სწავლება უნდა იყოს დაფინანსებული. ეს ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული და რთულია, ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში სტატისტიკაა დასამუშავებელი. ვიცით, რამდენი დიპლომია გაცემული, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რეალურად რამდენი ადამიანი მუშაობს, რომელ სპეციალობაში რამდენი ადამიანი მუშაობს, რომელი გვაქვს დეფიციტური პროფესიები, ესაა შესასწავლი და მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოვლინდეს დეფიციტური პროფესიები და იქ მაინც დავიწყოთ რეზიდენტურის დაფინანსება,“ – განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა მეცნიერების განვითარების კუთხით, თუმცა
გარკვეული კვლევები ახლაც ფინანსდება, მათ შორის – რუსთაველის ფონდის საშუალებით. ნატროშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ახალგაზრდა დოქტორანტებს. მისივე განცხადებით, საჭიროა მათი სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსება, ასევე ხელშეწყობა სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნებაში. თუმცა, მისივე განმარტებით, აუცილებელია განისაზღვროს ის რომელი კონფერენციები და ჟურნალები, რომლებთან თანამშრომლობაც რეალურად სარგებლის მომტანი იქნება.
„ახლა ვამუშავებთ კონცეფციას, როგორ დავალაგოთ, ვის დავეხმაროთ.
რომელ ჟურნალებში გამოქვეყნება და რომელ კონფერენციებში მონაწილეობა უნდა დაფინანსდეს,“ – განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.
Jandacva.ge




