ილიაუნის მკვლევრებმა ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალელის მეორე კბილი აღმოაჩინეს

ილიაუნის მკვლევრებმა ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალელის მეორე კბილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, აღმოჩენა დაახლოებით, 50 000 წლით თარიღდება და ნახევარსაუკუნოვანი კვლევითი პაუზის შემდეგ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ წარმატებად მიიჩნევა.
„ნეანდერტალელის ახლად აღმოჩენილი კბილი ცუცხვათიდან და ნახევარსაუკუნოვანი უიღბლობის დასასრული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გარდამტეხი აღმოჩენები განახორციელეს, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით იმერეთში, სოფელ ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში ჩატარებულმა ექსპედიციამ, ნახევარსაუკუნოვანი უიღბლობის შემდეგ.
ანატომიურად თანამედროვე ადამიანის უკანასკნელი მონათესავე სახეობის, ნეანდერტალელის რიგით მეორე კბილი აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.
ახალი აღმოჩენების მიხედვით ნეანდერტალელთა მიერ ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის ათვისების პერიოდი 90 000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. გამოვლინდა ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის ინტენსიურად გამოყენების მტკიცებულებები. აქვე არის აღმოჩენილი დაახლოებით 6000 წლის წინანდელი ქალკოლითის პერიოდის უძრავი ფენები და ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხი სხვადასხვა ინვენტარით.
2016-2025 წლების კვლევის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში:
ჰომინინები, გარემო და კულტურა“ შედეგების პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. სამეცნიერო გუნდმა წარადგინა არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიში ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენების შესახებ. სამეცნიერო კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით. აღმოჩენის პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.