როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა, სანდოა თუ არა ონლაინ მოვაჭრე ან ონლაინ მაღაზია?
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან პოპულარული გახდა, იზრდება რისკებიც – სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელი თაღლითობის მსხვერპლი ხდება.
როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა სანდო ონლაინ მოვაჭრე თუ ონლაინ მაღაზია, რადიო „კომერსანტი“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს ქეთევან ჭუმბურიძეს ესაუბრა.
„ონლაინ შესყიდვის დროს, იქნება ეს „ფეისბუკი“, „ინსტაგრამი“ თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, მთავარია, შევამოწმოთ, რამდენად სანდოა ესა თუ ის გვერდი. კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ითვალისწინებს როგორც უფლების აღდგენის, ასევე, პრევენციულად მომხმარებლის უფლების დაცვის საშუალებებსაც. მათ შორის ერთ-ერთია მოვაჭრის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ეს არის არსებითი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის შესახებ. თუ პლატფორმას ეს ინფორმაცია განთავსებული არ აქვს, უკვე შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომ ეს მოვაჭრე კანონშეუსაბამოა და უკვე არღვევს კანონს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებასაც დაარღვევს“, – ამბობს ქეთევან ჭუმბურიძე.




