პირველი ქართველი FIFA-ს ათეულში – ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა

FIFA-ს ყოველწლიური დაჯილდოება განსაკუთრებული გამოდგა საქართველოსთვის, ისტორიაში პირველად 12 ნომინანტს შორის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, გამოკითხვის შედეგად მ 7 ქულა მიიღო და საბოლოოდ მეათე ადგილი დაიკავა. კვარაცხელია ფიფას ტრადიციულ ღონისძიებას ვერ დაესწრო, ის ამ დროისთვის “ნაპოლისთან” ერთად საუდის არაბეთში იმყოფება და იტალიის სუპერთასისთვის ემზადება.
2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა განსაკუთრებით რთული გამოდგა, ტიტულისთვის ბრძოლაში სამი ნომინანტი იყო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი. მესიმ და ნორვეგიელმა ფორვარდმა ერთნაირი ქულები დააგროვეს, თუმცა წესების მიხედვით, არგენტინელმა მეტი პირველი ადგილის გამო გაიმარჯვა. საუკეთესოები ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და ფანებმა გამოავლინეს. 36 წლის არგენტინელს საუკეთესოს წოდება ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მიანიჭეს. სამხრეთ ამერიკელი დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრებოდა, მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მაიამის ინტერთან ერთად ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
FIFA-ს დაჯილდოებაზე გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობაც გამოვლინდა, პირველობისთვის ლუჩიანო სპალეტი, სიმონე ინძაგი და პეპ გვარდიოლა იბრძოდნენ, საბოლოოდ საუკეთესოდ ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი დაასახელეს. ჯილდოს მიღების შემდეგ გვარდიოლას ღონისძიების წამყვანი გაესაუბრა, სცენაზე უხერხული სიტუაციას ტიერი ანრის დასმული კითხვის შემდეგ შეიქმნა. რომელი გუნდი უფრო ძლიერია გვარდიოლას აზრით “ბარსელონა,” რომელშიც ის წლების წინ მუშაობდა თუ “მანჩესტერ სიტი.”
გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ვინაობა, ფიფას ჯილდო “ბარსელონას” ლიდერს აიტანა ბონმატს გადაეცა. ქალთა შორის გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად კი ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სარინა ვიგმანი დასახელდა.
ტრადიციულად დაკომპლექტდა სიმბოლოური ნაკრები, რომელშიც მანჩესტერ სიტი 6 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი. 2023 წლის ფიფას ფეარ პლეი პრიზი ბრაზილიის ნაკრებს გადაეცა, გასული სეოზონის საუკეთესო გოლად კი ბოტაფოგოს ფეხბურთელის გილერმე მადრუგას გოლი აღიარეს.
Rustavi2.ge