თბილისის შემოვლითი გზის ზედამხედველობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თბილისის შემოვლითი გზის მეორე (წიწამური – ავჭალის მონაკვეთი) და მესამე (ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი) ლოტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
წიწამური-ავჭალის მონაკვეთის სიგრძე 6.5 კილომეტრია და მოიცავს 4-ზოლიან გზას, 3.5 კმ. სიგრძის გვირაბს, ხიდებს, კვანძებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. აღნიშნულ მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 11 537 526 დოლარს შეადგენს.
ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი იწყება ავჭალაში (არსებული ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ) სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ „თბილისის შემოვლითი ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის“ ხაზის გასწვრივ და მთავრდება დიდი ლილოს შესასვლელისა და დაუმთავრებელი სარკინიგზო შემოვლითი ხაზის გადაკვეთაზე – ლილოს ბაზრობამდე.
გზა 4-ზოლიანი იქნება და მისი სიგრძე 22.5 კმ-ია. ამ მონაკვეთზე აშენდება 4 კვანძი, 16 ხიდი და 4 პარალელური გვირაბი. ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15 586 956 აშშ დოლარს შეადგენს.
საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითრაების ბანკის (ADB) შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საზედამხედველო მომსახურება ორივე ლოტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ზედამხედველობის მომსახურების ვადა 40 თვე იქნება.
ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1762940811
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1762941191
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.