საქართველოს მთავრობის მიერ ჩინეთში გაფორმებული მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და აგროსექტორის მიმართულებებით თანამშრომლობას გააძლიერებს. მათ შორის, საუბარია ჩინეთში ქათმის ხორცის, უფრო ზუსტად, ქათმის კისრისა და ფეხების გატანაზე.
როგორც საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ქართველი მწარმოებლებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივაა.
„ჩინეთისთვის ქათმის ფეხები, კისერი და მსგავსი ნაწილები, რომელიც საქართველოში არც თუ მოთხოვნადია, დელიკატესია და ამ პროდუქტს ჩინეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს.
საქართველო საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად აწარმოებს მხოლოდ 30-32%-ს, დანარჩენი – იმპორტირებულია, მთლიან ქათამზე მაქვს საუბარი. თუ ხელშეკრულების წყალობით პროდუქტის ჩინეთში გატანა მოხერხდა, ფაქტობრივად, ქათმის 2-3 ნაწილი, რომელიც ჩვენს ბაზარზე არც ისე პოპულარულია და არც ისე ნორმალურ ფასად იყიდება, იმდენად მოთხოვნადი გახდება და იმდენად შეამცირებს მთლიანი ქათმის ღირებულებას, რომ წარმოების გაზრდასაც შევძლებთ. რეალურად ჩინეთს ქათმის დეფიციტი აქვს. შარშანდელი მონაცემებით, იქ შესული ქათმის პროდუქციიდან კისერი და ფეხები 41%-ია. მოკლედ, იმდენად მისაღები პროდუქტია მათთვის, ნებისმიერ რაოდენობას წაიღებენ“, – ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.




