საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.
ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია – პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა – „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად გაღრმავებას – გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა – თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“.
სტუ-ის ინფორმაციით, ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“.