ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ორი ეპიზოდის გამო. მას ედავებიან „გავრილოვის ღამეს“ განვითარებულ მოვლენებსა და ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
„გავრილოვის ღამე“ – I ეპიზოდი
გვარაკიძის თქმით, იძიებენ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა“, – თქვა გიორგი გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორის სიტყვებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ ღამეს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის“ უგულებელყოფით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაავალა სპეციალური საშუალებების ერთობლივად გამოყენება, „ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას“.
2019 წლის 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ დილით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს – სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
იმ არგუმენტით, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. ამ დღეს სულ მცირე ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„გავრილობის ღამიდან“ ორი თვეც არ იყო გასული, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც ხალხმრავალი აქციებით ითხოვდნენ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მომდევნო, 2020 წლის არჩევნებზე გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემირობის კანდიდატი იყო.
2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედმა პრემიერმა და მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას შესახებ ჟურნალისტებს უთხრა: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.
ჩორჩანას საგუშაგო – II ეპიზოდი
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავებიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ „დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივის“ საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლას.
გენერალური პროკურორის თქმით, ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ასევე იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის თანამდებობას, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად მიიღო და არ აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
„ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ… [შედეგად] საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი… ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, – თქვა გიორგი გვარაკიძემ.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არსებული მტკიცებულების კონტექსტში სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიების სხდომებზე გაჟღერდა. კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას სწავლობდა, თუმცა მასზე დაიბარეს არა ამ პარტიის, არამედ სხვა ოპოზიციონერი პარტიის ლიდერები და მასზე გამოუცხადებლობის გამო მათ პატიმრობა მიუსაჯერს.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა. მოგვიანებით, 11 ივნისს კომისია გაესაუბრა ელგუჯა ხარაზიშვილს, რომელსაც კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ჩორჩანის მკვიდრად წარმოაჩენდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ხარაზიშვილის თქმით, საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შეჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე მეორედ გასაუბრების დროს, 2 ივნისს თქვა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმაც და ყველამ, ვისაც ელაპარაკა, მას „თავი დაუქნია“. მისი თქმით, 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
გიორგი გახარიას ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით – ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
· 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.




