ცხრა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონის ლიდერების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 27 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 2026 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელების შესახებ.
„ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა და მონტენეგრო ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია განცხადებაში.




