ესტონური გამოცემა Postimees-ის ცნობით, პარლამენტისთვის კონსერვატიული პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს კენჭი პირველი მოსმენით ეყარა და მას მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა. 47 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 51 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.
კონსერვატორების პოზიციაა, რომ რუსეთთან საზღვარი სრულად უნდა დაიკეტოს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე უსაფრთხოების სიტუაციის გართულების გამო. ინიციატორებმა ამის დასტურად მოიყვანეს რუსული დრონებით და სამხედრო თვითმფრინავებით რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევა, რუსეთ-ბელარუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2025“ და მდინარე ნარვის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების მიერ სასაზღვრო ნიშნების თვითნებურად დადგმა-აღება.
კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროვოკაციულ-აგრესიული ნაბიჯები პირდაპირ მიმართულია ესტონეთის წინააღმდეგ. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უარყო, მთავრობას აკისრებდა ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვრის დაკეტვის ვალდებულებას.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ესტონეთმა და ბალტიის სხვა ქვეყნებმა რუსეთთან საზღვრების დაცვა გააძლიერეს და მასშტაბური სასაზღვრო ბარიერებიც აღმართეს.
რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გამო ევროკავშირი აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად გეგმავს „დრონების კედლის“ შექმნას.
ფორუმი




