“ის, რაზეც ახლა მიდის გამოძიება, არის მხოლოდ აისბერგის წვერი” – ასე ეხმაურება საბა ბუაძე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლევან გამრეკელის დაკავებას.
ბუაძე ამბობს, რომ სინამდვილეში უფრო დიდი მასშტაბის კორუფცია არსებობს ქვეყანაში და უფრო მეტი მილიონები იპარებოდა, თუმცა “ოცნება” მხოლოდ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მათი პოლიტიკური ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალური რომ იყოს, ის კახა კალაძიდან დაიწყებოდა – ამბობს ბუაძე.
რეალურად, ამ წლების განმავლობაში იპარებოდა ასობით მილიონი ლარი და ის, რაზეც ახლა მიდის გამოძიება არის მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერი. სინამდვილეში უფრო მასშატაბური და ყოვლისმომცველი არის ის კორუფცია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყანაში შექმნა, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კორუფციის წინააღმდეგ ე.წ. ბრძოლა არის შერჩევითი და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აღარ წარმოადგენს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ინტერესის საგანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალური რომ იყოს, დაიწყებოდა თბილისის მერიიდან და კახა კალაძიდან, რომელიც იყო და არის “ქართული ოცნების” კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და სახე ხატი”, – ამბობს საბა ბუაძე.
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.




