შალვა პაპუაშვილი PACE-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე – კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში

კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან მისი გუშინდელი შეხვედრა.
პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას – „შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ახალ საპარლამენტო არჩევნებზე?“, რაზეც აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, არ იყო“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში. ქართველ ხალხს, რომელმაც ბრძოლით მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა; ქართველი ხალხი, რომელმაც სისხლით მოიპოვა საკუთარი უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამ უფლებას არავის არ დაუთმობს.
ვისაუბრე დიდხანს. ვცდილობ, რომ ყველასთან მივიტანო ქართველი ხალხის სათქმელი. კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ეხებოდა ჩვენი საუბარი. მათ შორის, კანონმდებლობას, რომელზეც ხშირად არის საუბარი – უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კანონში შეტანილ ცვლილებებს. ყველა ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, როგორია ეს კანონი, რას პასუხობს და არ პასუხობს, კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა; ევროპულ კონვენციას შეესაბამება თუ არ შეესაბამება, ამაზე ორადორი ორგანოა, ვისაც პასუხის გაცემის უფლება აქვს. კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაელოდოს ამ ორ კანონს.
დელეგაციის მხრიდან კითხვა დაისვა, რომ ვენეციის კომისიიდან არსებობს გარკვეული დასკვნები. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები ისევე, როგორც დელეგაციის წარმომადგენლები არიან. ვენეციის კომისია ისევე არის ჩვენი ორგანო, როგორც მათთვის. ვენეციის კომისიის ყველა დოკუმენტს აწერია სათაური – „მოსაზრება“. ეს არის მოსაზრება. ჩვენ ამ მოსაზრებებს, რომლებიც მოვისმინეთ, არ ვიზიარებთ. ვიღაც შეიძლება იზიარებს. ეს არ არის კანონი. ეს არ არის ლეგალური განმარტება, რასაც გააკეთებს სტრასბურგის სასამართლო. ყველამ კეთილი ნება იბოძოს და დაელოდოს ამას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხელისუფლებასთან „დიალოგის აუცილებლობა იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესშია, ვისაც ქართველ ხალხთან ურთიერთობა უნდა“.
„ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ჩვენ სიამოვნებით ვპასუხობთ. რაში რწმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს ყველას საქმეა. ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია, ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში დავარწმუნოთ.
რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის, უპირველესად, იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესში, ვისაც ქართველ ხალხთან ურთიერთობა უნდა. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გეოგრაფიული მიმართულებიდან არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, ჩრდილოეთიდან მოდის, თუ დასავლეთიდან. რა მნიშვნელობა აქვს, ქარი საიდან დაუბერავს, თუ კი ეს ქარი არ არის სწორი. სუვერენიტეტის უპატივცემულობას დავინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები, დაიწყო იანვრის რეზოლუციით, როდესაც მოგვიწოდეს ახალი ს ჩატარებისკენ. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია შემდეგი გართულება, მათ შორის, ურთიერთობების“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.