ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით.
ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება; გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით; ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი”,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 7,6 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი.
„გამოყოფილი თანხიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,2 მილიარდ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 681,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,6 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 570,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 820,0 მლნ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარი; სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 200,0 მლნ ლარი”,- განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2026 წელს გათვალისწინებულია 270,0 მლნ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 660,0 მლნ ლარზე მეტი, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 210,0 მლნ ლარზე მეტი.




