დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს, – ამის შესახებ ირკვევა ცვლილებებიდან, რომლის შეტანაც საგადასახადო კოდექსშია დაგეგმილი.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, შეღავათები გავრცელდება იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა.
ინფორმაციისთვის, ჯერ კიდევ 2015 წელს მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობები სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ. მოგვიანებით შეღავათის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება შესაძლებელი.
„დღგ-ისგან თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამასთანავე, შეღავათები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ წინა პირობასთან ერთად შესრულდება შემდეგი მოთხოვნები:
· ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
· ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
· ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
· იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
· ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
· ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
„თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება“, – ვკითხულობთ კანონის პროექტში.
ბიზნესპრესნიუსი




