უკრაინის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ჩამოაშორეს გერმან გალუშჩენკო, რომელიც მანამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული სქემის გამოვლენა.
დღეს, 12 ნოემბერს კიევში გაიმართა უკრაინის მთავრობის რიგგარეშე სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ მიღებულია იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გალუშჩენკოს ჩამოშორების გადაწყვეტილება და მინისტრის მოვალეობას მოადგილე, ლუდმილა სუგაკი შეასრულებს.
თავად გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ გამოძიების დროს თანამდებობიდან ჩამოშორება ცივილიზებული და სწორი ფორმაა და თავს იურიდიული მეთოდებით დაიცავს.
გალუშჩენკო უკრაინის იუსტიციის მინისტრად 2025 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2021 წლის აპრილიდან ის ენერგეტიკის მინისტრი იყო.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
გამოძიების თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელსაც გავლენა ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრ გალუშჩენკოზე. მინდიჩს უკრაინული მედია პრეზიდენტ ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს.
ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა მინდიჩმა უკრაინა დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე.
ფორუმი




