დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს.
2026 წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი, პრიორიტეტული სფეროებია: სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგები, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება პენსიები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.
„თითოეული გათვალისწინებული პროგრამა ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ მიმართულებას, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას. პირველად საქართველოს ისტორიაში 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, რაც საერთო ევროპულ სტანდარტთან კიდევ უფრო მიახლოებული [მაჩვენებელია]. იზრდება პენსიები, იზრდება სხვადასხვა სოციალური დახმარება, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის გათვალისწინებულია 10%-იანი სახელფასო მატება“, – აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.




