კომპანია “შინარის” თანადამფუძნებლის, მარიამ გურგულიანის ინფორმაციით, თბილისში ნატურალური პროდუქცია იშვიათია და მომხმარებლები ჯანსაღ საქონელს ეძებენ.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” მარიამ გურგულიანი აღნიშნავს, დეკემბერში ნებისმიერ პროდუქტზე (სვანური მარილი, სუნელი, აჯიკა, კახური ზეთი, აკაციის თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა) მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია. კერძოდ, კომპანია საახალწლოდ პროდუქციის რეალიზაციის გაორმაგებას ელოდება.
მისივე თქმით, “შინარი” ახალი წლის პერიოდში ბოქსების გაკეთებასაც გეგმავს, რადგან აღნიშნულ პერიოდში კორპორაციული შეკვეთებიც დაიწყება.
“კომპანია “შინარი” ორმა ადამიანმა დავაფუძნეთ, თავად სვანი ვარ და ჩემი პარტნიორი ნიკოლოზ ჯაჭვაძე კახეთიდან გახლავთ, საქართველოს 2 უკიდურესი კუთხიდან ნატურალური პროდუქცია თბილისში ჩამოგვაქვს. ამჟამად, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდით. მაგალითად, ერთ-ერთ პროდუქტს სვანურ მარილს თავადაც ვამზადებდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივებს კარგად ვიცნობთ, გადავწყვიტეთ მათთან გვეთანამშრომლა და ნატურალური, ხელით დამზადებული ნედლეულით მომხმარებლის მომარაგება დავიწყეთ. ამჟამად, სვანეთიდან, პირდაპირ მესტიიდან სუნელები, მარილი, აჯიკა ჩამოგვაქვს. ასევე ხელით შექმნილი მოხატული სვანური თემატიკის სამარილეები გვაქვს. დამატებით კახეთიდან ვიღებთ – კახურ ზეთს, აკაციის თაფლს. ამასთან, ნელ-ნელა განვითარებას ვაპირებთ – ჩურჩხელისა და ჩირის დამატებაზე ვფიქრობთ”, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
“შინარის” წარმომადგენელი გაყიდვების მიმართულებით დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანიას დღეში მინიმუმ სუნელების ხაზით, 3 შეკვეთა მაინც აქვს.
“კახურ ჩურჩხელებს უახლოეს 2 კვირაში დავამატებთ, ჩვენივე ხელით უკვე დავამზადეთ და ახლა გაშრობას ველოდებით. ვფიქრობ, როგორც კი ბაზარზე ჩურჩხელას გამოვიტანთ აბსოლუტურად ბოლომდე გაიყიდება, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა. კორპორაციულ შეკვეთებზე ძირითადად ახალ წელს, აღდგომას და დიდ დღესასწაულებზე ვიმუშავებთ. ამასთან, მომხმარებლების მხრიდან კახურმა ზეთმა და სუნელებმა განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა”, – აცხადებს მარიამ გურგულიანი.
მისივე თქმით, “შინარის” ბრენდულ სტიკერებს პარტნიორი ორგანიზაცია უმზადებს, შემდეგ კი შეფუთვას თავად უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, კომპანია “შინარი” ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს.




