11 ნოემბერს უკრაინელმა გამომძიებლებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი მოკავშირე 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ომისგან განადგურებულ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული დაპირისპირება მწვავდება.
ტიმურ მინდიჩისთვის წაყენებული ბრალდებები ერთ-ერთი ბოლო სკანდალია ენერგეტიკის სფეროში, რომელიც რუსეთის თავდასხმების გამო მძიმე ზარალს განიცდის.
მინდიჩი მედია-კომპანია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელია. ის დააარსა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდე ცნობილი კომიკოსი იყო.
„მინდიჩი აკონტროლებდა უკრაინის ენერგეტიკის სექტორში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის დაგროვებას, განაწილებას და ლეგალიზაციას“, – განაცხადა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) პროკურორმა.
ეჭვმიტანილი თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში „უკრაინის პრეზიდენტთან მეგობრულ ურთიერთობებს“ იყენებდა, დასძინა პროკურორმა სქემაში
მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის წინასწარი მოსმენის დროს.
SAPO-მ ასევე დაადანაშაულა იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, რომელიც ადრე ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრი იყო, მინდიჩისგან „პირადი სარგებლის“ მიღებაში ენერგეტიკის სექტორში ფულადი ნაკადების კონტროლის სანაცვლოდ.
ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ენერგეტიკის სექტორში კორუფციული სქემა გამოავლინა, რომელიც 100 მილიონი დოლარის გათეთრებულ თანხებს მოიცავდა. მან მოგვიანებით თქვა, რომ ხუთი ადამიანი დააკავეს და შვიდ სხვას ბრალი წაუყენეს.
NABU-ს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ აბაკუმოვმა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ მინდიჩმა ქვეყანა რეიდებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
სისტემური კორუფციის აღმოფხვრა ევროკავშირში უკრაინის წევრობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. პრეზიდენტ ზელენსკის ზაფხულში უკრაინელებისა და ბრიუსელის მხრიდან ძლიერი
უკმაყოფილება მოჰყვა, როდესაც მან ორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს, NABU-სა და SAPO-ს, მთავრობის კონტროლის ქვეშ მოქცევა სცადა.
ფორუმი



