ბარათით გადახდებისას საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესება მომხმარებლისთვის გარკვეულ სერვისებსა და პროდუქტებს გააიაფებს – დავით კიკვიძე

ბიზნესისა და მომხმარებლების დაცვის მოტივით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე ამბობს, 0.5%-იანი ზღვრის დაწესება ამ ეტაპზე გადაიდო და არც ის არის დაზუსტებული, როდის მოხდება საკითხის განხილვა.
„ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ფინტექ სექტორი, ფაქტობრივად, 100%-ით დამოკიდებულია საბანკო სექტორსა და მათი სერვისების გამოყენებაზე. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინიციატივები მნიშვნელოვნად გააფართოებს ფინტექ კომპანიების სამოქმედო არეალს. დღეს საბანკო სექტორი საკმაოდ ჩაკეტილი სისტემაა, მათი სერვისების გამოყენება ფინტექ კომპანიებს შეზღუდული რაოდენობითა და შეზღუდული პირობებით უწევთ. ასეთი ტიპის ინიციატივები კი გაცილებით მეტ შესაძლებლობებსა და არეალს მოგვცემს“, – ამბობს დავით კიკვიძე.
მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ თუკი საკომისიოს ზედა ზღვარი დაწესდება, მომხმარებლისთვის გარკვეული სერვისები და პროდუქტები გაიაფდეს, ვინაიდან გაიზრდება კონკურენცია, კონკურენციის გაზრდას კი, როგორც წესი, ახალი სერვისების შექმნა და ფასების კლება მოსდევს.