თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დავალებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ქართველ კოლეგა, ირაკლი კობახიძეს დაუკავშირდა.
აღინიშნება, რომ საუბარში ასადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარება გაიღოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ასევე, ბაქო მზად არის, საგანგებო ვითარებების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი გაგზავნოს საქართველოში საძიებო და სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვა საჭირო დამხმარე ზომები მიიღოს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ მადლობა გამოთქვა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე. საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებების სამინისტრო და ციფრული განვითარების სამინისტრო კონტაქტში იმყოფებიან ქართველ კოლეგებთან.
მხარეები ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.



