საქაერონავიგაციის ცნობით, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის საავიაციო ინციდენტთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი განგაშის სიგნალის გამოცემის გარეშე გაქრა.
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.
ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, — ნათქვამია საქაერონავიგაციის განცხადებაში.
11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სამხედრო-სატვირთო ბორტი ჩამოვარდა. პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავი ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. არის მსხვერპლი, რასთან დაკავშირებითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამძიმრის წერილს ავრცელებს.
ოფიციალური ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.



