უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ქალაქ სარატოვში მდებარეობს. ქარხნის მფლობელი კომპანია „როსნეფტია“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 11 ნოემბერს, დღისით განაცხადა, რომ „რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში“ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც 20-მდე სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს და ჩართულია რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, აფეთქებების შედეგად სამიზნე ობიექტის რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა. უკრაინის გენერალური შტაბი არ აკონკრეტებს, რა საშუალებებით დაარტყეს სარატოვის ქარხანას.
რუსეთის სარატოვის ოლქის ხელისუფლება გამთენიისას იუწყებოდა უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ. რეგიონის გუბერნატორ რომან ბუსარგინის თანახმად, ქალაქ სარატოვის ზავოდსკის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე სახლი დაზიანდა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესახებ ბუსარგინს არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2025 წლის 16 სექტემბერს, 16 ოქტომბერს და 3 ნოემბერსაც. ამავე ქარხანაზე დარტყმა იყო 2025 წლის იანვარში, თებერვალსა და აგვისტოშიც.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით დაარტყეს ანექსირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალსაც, სადაც რეზერვუარები დააზიანეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ტერმინალს 2025 წლის ოქტომბერშიც შეუტიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს, დილით გამოქვენებული ზოგადი მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 37 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 10 – ყირიმში და 8 – სარატოვის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




