ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები – თუ „ოცნება“ მართლა გაბედავს კორუფციასთან ბრძოლას, დავეხმარებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა
მისივე თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციის შედეგები სახელმწიფოსთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სჯობს, დასავლური ინვესტიცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია. პრემიერი, რომელიც ამაყობს, რომ მთავრობის ყველა დადგენილებას ასაჯაროებს და კორუფციას ებრძვის, მისი საქმიანობა კი გამჭვირვალეა, ამ დროს თბილისის მერად ჰყავს კალაძე და 6,5 მილიარდიანი ინვესტიციის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, შეთანხმების პირობებსა და სახელმწიფომ რა სარგებელი უნდა მიიღოს ამ ინვესტიციის შედეგად, მალავს. რამდენიმე დღის წინ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ემიგრანტი ოჯახის წევრების მიერ საკვებისთვის გამოგზავნილი ყველა თეთრი დაარეგისტრირებინეთ. 1 წლის წინ გამჭვირვალობას ითხოვდით ორგანიზაციებისა და დონორებისგან, იმ თანხების გასაჯაროებას რეგიონებში ზოგან, რომ დიალიზის აპარატს მოხმარდა, ზოგან სამაშველო სფეროს და ზოგან განათლებას. კითხვები, რომელიც საზოგადოებაშია გაჩენილი მნიშვნელოვანია, რადგან, მიწა, რომელიც გადაეცემათ ინვესტორებს სახელმწიფო მნიშვნელობისაა – ერთი სანაპირო ზოლს ეკუთვნის, მეორე კი ტყე-პარკია, თბილისისა და რუსთავისთვის ეკოლოგიური მნიშვნელობის მატარებელი. 2010 წლიდან აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა ეკლესიას, 2019 წელს კი სახელმწიფო აქტიურად უწევდა რეკლამირებას კრწანისი ტყე-პარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნას. როგორც აღმოჩნდა სახელმწიფომ უარი თქვა აღნიშნულ პროექტზე და თბილისის მიმდებარედ საუკეთესო ტერიტორიის ბედი გაურკვეველია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყანაში არის მისასალმებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციის შედეგები სახელმწიფოსთვის. თქვენ გიკვირთ რატომ ვითხოვთ ჩვენ და მოქალაქეები ინვესტიციის პირობების და ხელშეკრულების გასაჯაროებას, გიკვირთ იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად კორუფციის ბრალდებით აკავებთ საკუთარი რიგებში მყოფ მაღალჩინოსნებს. თუ „ოცნება“ მართლა გაბედავს კორუფციასთან ბრძოლას, დავეხმარებით. სწორ, ეფექტურ მეთოდებს შევთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად აზღვევს კორუფციას. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ არის ის, რომ ასობით მილიონი ლარის გათეთრების საქმეზე კორუფციულ კვალს მალავენ და ეროვნულ ინსტიტუტებში ასეთი მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემების დაშლის ნაცვლად – კალაძის დაჯგუფება კორუფციას სკოლის მასწავლებლებში ებრძვის. თუ ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდაა, კორუფციასთან არ გვაქვს საქმე და ამ ინვესტიციით იმ ტერიტორიის საპირწონე სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა პროექტის განხორციელებაზეა საუბარი, რა არის ხელშეკრულების პირობები, ფასი, ვადები, სარგებელი ყველა მხარისთვის. შეგახსენებთ, რომ ტერიტორიები, რომელზეც ვსაუბრობთ, თითოეული მოქალაქის საკუთრებაა, სწორედ ეს გვაძლევს აქ კითხვების დასმის უფლებას და უფლებას გავიგოთ რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო?“- განაცხადა ვიკა ფილფანმა.