ხევსურეთში, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „გამას“ თანადამფუძნებელი, ნინო გოგინაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში ენერგოინფრასტრუქტურის პრობლემები ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
როგორც გოგინაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სასტუმრო ზამთარში ვერ მუშაობს, რადგან სოფელში გაზი არ არის, ხოლო ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები დამატებით სირთულეებს ქმნის.
„ზამთარში, ოთახებში გათბობა რომ გვქონდეს, ეს კუთხე ზამთარ-ზაფხულ იმუშავებდა. მაგრამ, რადგან გაზი არ გვაქვს, ოთახებს ვერ ვათბობთ. კი გვაქვს ბუხარი და შეშის ღუმელი, მაგრამ ისინი სათანადოდ ვერ ათბობს“, – ამბობს გოგინაშვილი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონში არასაიმედოა – დენი ხშირად ითიშება რამდენიმე დღით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე : „შეიძლება ორი-სამი დღე დენი არ მოვიდეს და არავინ გეტყვის, რატომ გამოირთო. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა აუხსნა ეს უცხოელ ტურისტს. ძალიან რთულია ასეთი მდგომარეობა“, – აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.
გოგინაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ხარისხიც დაბალია, რაც ყოველდღიურ საქმიანობას აფერხებს: „დენი რომ მოდის, ძალიან სუსტია. თუ სარეცხ მანქანას ჩართავ, სხვა არაფერმა უნდა იმუშაოს”, – ამბობს ის.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გზის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, ენერგომომარაგების პრობლემა კვლავ სერიოზულ ბარიერად რჩება, რაც ზამთარში ტურისტული მიღებების გაგრძელებას შეუძლებელს ხდის.
bm.ge




