წინანდალში დასრულდა Grand Jury du Vin-ის მესამე საერთაშორისო ღვინის სიმპოზიუმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც მსოფლიოს ღვინის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, მზარდი აღიარება.
წელს ღონისძიებამ მოიზიდა 12 სხვადასხვა ქვეყნის 20 გამორჩეული დეგუსტატორი, მათ შორის სომელიეები, მეღვინეები, ჟურნალისტები და ღვინის ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები. სიმპოზიუმის 250-ზე მეტი მონაწილე დაესწრო დეგუსტაციებს, სემინარებს და მასტერკლასებს.
წლევანდელი სიმპოზიუმი მიეძღვნა იტალიის საუკეთესო ღვინოებს, და დასრულდა სპეციალური სესიით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ქვევრის ღვინოები.
სიმპოზიუმის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა ანტინორის ოჯახის წარმომადგენელის, ალეგრა ანტინორის, მასტერკლასი, რომელიც იტალიის უძველესი მეღვინეობის სახლის 600-წლიანი მემკვიდრეობას აგრძელებს. პრესტიჟულ დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იყო ისეთი სახელგანთქმული იტალიური ღვინოები, როგორებიცაა Sassicaia, Solaia, Roberto Voerzio, Giovanni Rosso და Montevetrano.
“წინანდალში ჩვენ მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას კი არ ვატარებთ, ჩვენ ვეზიარებით ღვინის თითოეულ ბოთლში წარმოდგენილ ისტორიას, ოსტატობასა და ადამიანურ სულს. ეს ღონისძიება ერთგვარი ხიდია ქვეყნებს, კულტურებსა და თაობებს შორის.” – ლორან ვიალეტი, Grand Jury du Vin-ის პრეზიდენტი.
Grand Jury du Vin, 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, აწარმოებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ობიექტურ შეფასებას ბრმა დეგუსტაციების გზით. მისი მისიაა ღვინის შეფასების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების, გამჭვირვალობის და კულტურული გაცვლის ხელშეწყობა.
წინანდალის მამულში ღვინის სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს ჩატარდა სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭრით და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. წინა წლებში სიმპოზიუმმა წარადგინა ბორდოს გრან კრიუ და ბურგუნდიის კლასიფიცირებული ღვინოები, ისევე, როგორც საუკეთესო ქართული ღვინოების ნიმუშები.
წინანდლის ისტორიული მამული – ქართული კლასიკური მეღვინეობის აკვანი და კულტურის და განათლების ცენტრი – ადასტურებს საქართველოს, როგორც მსოფლიო ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობას.
წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი იქცა არა მხოლოდ გამორჩეული ღვინოების წარმოჩენის ადგილად, არამედ ქართველ და უცხოელ მეღვინეებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაცვლის პლატფორმადაც.
„წინანდლის სიმპოზიუმი ნამდვილად იქცა საერთაშორისო თავშეყრის ადგილად, სადაც მონაწილეები ეზიარებიან მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ვუმასპინძლოთ იტალიის მეღვინეობის ლეგენდარული დინასტიების შთამომავლებს, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ამ უნიკალურ მემკვიდრეობას. მათი სტუმრობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში, რომელიც თავადაც ინოვატორი მეღვინე და მოაზროვნე იყო, ერთდროულად ბუნებრივიც არის და შთამაგონებელიც.” – გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
ღვინის სიმპოზიუმის წინანდლის მამულში გამართვის ინიციატივა სილქ როუდ ჯგუფს და მის დამფუძნებელ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის. აღმასრულებელ გუნდს წარმოადგენენ Grand Jury Du Vin-ის პრეზიდენტი ლორან ვიალეტი და წინანდლის მამულის დირექტორი გიორგი ხარაბაძე. სიმპოზიუმის ოფიციალური პარტნიორია საქართველოს ბანკი.
(R)




