„ინდიგო“: ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების კანონის“ საფუძველზე

გამოცემა „ინდიგო“ იუწყება, რომ „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, სხვა მედიასაშუალებების შემდეგ, მის მიმართაც დაიწყო საქმისწარმოება.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე“, – წერს ინდიგო დღეს, 10 ნოემბერს, ფეისბუკზე გავრცელებულ ცნობაში.
„ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა – თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს“, – წერს „ინდიგო“.
2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ანტიკორუფციული ბიუროსგან რამდენიმე მედიაორგანიზაციამ მიიღო წერილები, რომლებითაც უწყება მოითხოვდა, წარმოედგინათ მონაცემები ყველა იმ საგრანტო ხელშეკრულების შესახებ, რომლებიც მათ მიერაა ხელმოწერილი ან ძალაშია 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე.
ეს მედიასაშუალებები იყო:
· პროექტი „64″;
· „მთის ამბები”;
· „რეალპოლიტიკა”;
· „აი, ფაქტი”;
· ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
ამის გამო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ჩართო „განგაშის სიგნალი“ – რასაც უკვე ხშირად აკეთებს საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა შეწყვიტოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თვითნებური შემოწმებები“.
პლატფორმამ ხელისუფლებას ასევე მოუწოდა “გრანტების შესახებ” კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებების გაუქმებისკენ.
· მანამდე, სექტემბრის ბოლოს, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა პლატფორმა „სალამმა“, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მუშაობს.
· კიდევ უფრო ადრე, 8 სექტემბერს, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა ანალოგიური წერილის მიღების თაობაზე.
„ინდიგო“ „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის ობიექტი 2023 წელს გახდა, პროსახელისუფლებო ტელეარხების მიერ გამოცემით დაინტერესების შემდეგ.
ირაკლი მ, – მაშინ ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, – 2023 წლის 24 ოქტომბერს შემაშფოთებლად მიიჩნია „ინდიგოს“ მიერ დაგეგმილი დისკუსია, რომელიც ეხებოდა პროტესტსა და წინააღმდეგობას საქართველოში. მან თქვა, რომ დისკუსიის სათაურიც კი შემაშფოთებელია.
„ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება“, – განაცხადა მან.
2025 წლის აპრილიდან “გრანტების კანონში” ცვლილებები შევიდა და უცხოეთიდან – მათ შორის ევროკავშირისგან ან წევრი ქვეყნებისგან – გრანტის მიღება აიკრძალა მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
კანონი “საკანონმდებლო მაცნეში” 16 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
· არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან პირველი წერილები ივნისში მიიღეს.
· ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე NGO-ებისგან უწყება სასამართლოს განჩინებით ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას საქმიანობის, ბენეფიციარებისა და პროექტების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციები კი თვლიდნენ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და ეს პრეტენზია უკანონოა.
2025 წლის 15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, მათ შორის, “გრანტების კანონში” ცვლილებებზე და გასცა ცვლილებების გაუქმების ან მისი „საფუძვლიანად გადახედვის“ რეკომენდაცია.
დასკვნის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, „მათ შორის დაუყოვნებლივი ჩამორთმევის ბრძანების უფლებამოსილება, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობას და სათანადო სასამართლო პროცესს“.