გიორგი მელაშვილი პეტერ ფიშერის დაბრუნებაზე – აშკარაა, გარკვეული კომუნიკაცია ბოჭორიშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შედგა – „ოცნებას“ დაპირებების გაცემა მოუწია, ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა

გერმანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კრიზისი რამენაირად ან აერიდებინა ან ჩაეხშო, მაგრამ „ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა და გერმანიის ელჩზე თავდასხმები გააგრძელა – აშკარაა, რომ მაკა ბოჭორიშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გარკვეული კომუნიკაცია შედგა, „ოცნებას“ გარკვეული დაპირებების გაცემა მოუწია,- ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რა დროსაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბრუნება შეაფასა.
მისი თქმით, ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა „იყო დიპლომატიური დემარში „ქართული ოცნებისთვის“, რათა გაიაზროს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს როგორც ქართული სახელმწიფო ისე, საკუთარი თავი“.
„მარტივად, რომ ვთქვათ, გერმანიამ ელჩის გაწვევა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო გადაწყვიტა. ამ ქმედებებში შედის, როგორც ზოგადად, ანტიქართული რიტორიკა, ასვე პირდაპირი თავდასხმები გერმანიის ელჩზე. ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა. სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მთელი ისტორიის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი. მაშინაც კი, როდესაც კანცლერი ანგელა მერკელი იყო და როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებასა და მერკელს შორის ურთიერთობა, მაინც და მაინც, დადებითი არ ყოფილა, ჩვენ არ გვახსოვს ასეთი დიპლომატიური კრიზისი. არ გვახსოვს ელჩის გაწვევა. ეს ყველაფერი მეტყველებს „ქართულ ოცნებაზე“. ამაზე პასუხისმგებლობა, თავიდან ბოლომდე, ეკისრება „ქართულ ოცნებას“. გერმანიის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კრიზისი რამენაირად ან თავს აერიდებინა ან ჩაეხშო, მაგრამ „ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა და უშუალოდ, თავდასხმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩზე გააგრძელა და გააძლიერა. ჩვენ არ ვიცით, რა მოლაპარაკება იყო კულისებს მიღმა, მაგრამ აშკარაა, რომ გარკვეული კომუნიკაცია ბოჭორიშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შედგა. „ოცნებას“ გარკვეული დაპირებების გაცემა მოუწია. ვნახოთ, შეასრულებენ თუ არა ამ დაპირებებს. როგორც ჩანს, გერმანული მხარისთვის „ქართული ოცნების“ მიერ მიცემული კულუარული დაპირებები, ასე თუ ისე, მისაღები გახდა“,- განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილმა ასევე, ისაუბრა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზეც. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებზე „რეალისტურია თუ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ბოლომდე გაწირავს და ბოლომდე გადაწყვეტენ, რომ სრული ესკალაციის გზაზე წავიდნენ“.
„ევროკავშირს აქვს ყველა ბერკეტი, რათა საქართველოს მთავრობაზე წნეხი მოახდინოს, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ევროკავშირი მართლაც ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე და ამაში თანმიმდევრულია. თავიდანვე, ევროკავშირმა ძალიან კონკრეტულად თქვა, რომ მათ არ სურთ „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, საქართველოს მოსახლეობა დაისაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ უვიზო რეჟიმის გაუქმება, ისინი ამას არ აკეთებენ“,- განაცხადა მელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ… ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს?