ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა, მაგრამ არა ჩვენი პროდუქტისთვის – „ანიგოზი“

ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა, მაგრამ არა ჩვენი პროდუქტისთვის, – ამის შესახებ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო “ანიგოზის” თანადამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი განმარტებით, ჩინეთი კაკლის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა და საქართველო აღნიშნული პროდუქტის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობას სწორედ ჩინეთიდან ახორციელებს.
“საქართველოში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით კაკლის იმპორტი ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენთვის, საექსპორტო მიმართულებით საინტერესო ბაზარი არ არის, თუმცა სხვა ძალიან ბევრ ქართულ პროდუქტთან მიმართებაში ჩინეთი, რა თქმა უნდა, საინტერესო და კარგი ბაზარია”, – აცხადებს ანა ქევხიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კაკლის ექსპორტის მიმართულებით ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ბაზარი – ინდოეთია.
“ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ ევროკავშირის ქვეყნებში, გალფის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებში. პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება. ძალიან საინტერესო ბაზარია ინდოეთი, სადაც კაკლის მოხმარება საკმაოდ მაღალია. გვინდა ამ მიმართულების განვითარება. ინდოეთში მომხმარებლები იმ ხარისხობრივ ჭრილში არიან, რა ხარისხიც საქართველოში იწარმოება. წელს ინდოეთში გამოფენაზეც ვიყავით და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს გარკვეული წინსვლები გვექნება”, – აცხადებს ანა ქევხიშვილი.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.
bp.ge