ევროკომისიის შიდა რეორგანიზაციის საფუძველზე, 2025 წლის 1 თებერვლიდან გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო ურთიერთობების ახალმა გენერალურმა დირექტორატმა (Directorate-General for Enlargement and Eastern Neighbourhood /DG ENEST/) ჩაანაცვლა ევროპის სამეზობლო ურთიერთობებისა და გაფართოების მოლაპარაკებების ყოფილი გენერალური დირექტორატი ( Directorate-General for European Neighbourhood and Enlargement Negotiations /DG NEAR/), რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის უახლოესი მეზობელი რეგიონების სტრატეგიულ მნიშვნელობას მომდევნო ხუთწლიან მანდატში.
ახალი დირექტორატი DG ENEST ზედამხედველობას უწევს გაფართოებისა და გაწევრების მოლაპარაკებებს კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრებას ცდილობენ. ეს მოიცავს კანდიდატი ქვეყნების „თანდათანობით ინტეგრაციას“, ასევე „გაფართოების სარგებლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე – გაფართოების პარტნიორებს შორის.
საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაოს პოვნაში დაეხმარა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია თვითდასაქმებულთა (Self-employed ან Own-account worker) უფლებრივი მდგომარეობა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით (მუხლი 2“ი“) „თვითდასაქმებული“ განიმარტება, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, აგრეთვე დასაქმებული, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, მანამ, სანამ ის იღებს თვითდასაქმებულის შემოსავალს.
ამავე კანონით (მუხლი 2“კ“) განსაზღვრულია, რა კომპონენტებისაგან შედგება თვითდასაქმებულის შემოსავალი: კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი; კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი; კ.გ) იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის განსაზღვრავს შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის მითითებულია (მუხლი 103(1)“დ“), „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები.
საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების (GTUC) კვლევის მიხედვით, თვითდასაქმებულებად იწოდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იმყოფებიან დამსაქმებლის შრომითი ორგანიზაციული მოწესრიგებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა, რეალურად ასრულებენ დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას.
დასაქმების სტატუსის საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ (International Classification of Status in Employment /ICSE/) რეზოლუციის (მიღებულია 1993 წ.) მიხედვით, თვითდასაქმებული (Own-account worker) არის ის პირი, რომელიც მართავს საკუთარ ეკონომიკურ საწარმოს, ან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ან ვაჭრობას და საანგარიშო წლის განმავლობაში რეგულარულად არ ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები. თვითდასაქმებულს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი პარტნიორი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან ან ის პირები, რომლებიც ერთიან შიდამეურნეობას /Household/ ეწევიან.
ამავე რეზოლუციით განსაზღვრულია სამუშაოს შემსრულებელ და სამუშაოს მიმცემ პირთა კონკრეტული ჯგუფებისთვის სტატუსები, საამისოდ გამოყენებული ძირითადი კრიტერიუმებია ეკონომიკური რისკების ტიპები, რომელთა წინაშეც დგანან ფიზიკური პირები სამუშაოს შესრულების დროს, მათ შორის ერთ-ერთი არის პირსა და სამუშაოს შორის ინსტიტუციური კავშირის სიძლიერე, დაწესებულებებსა და სხვა მუშაკებზე გავლენის ტიპი, რომელიც დასაქმებულს აქვს ან ექნება, როგორც დასაქმების ხელშეკრულების აშკარა ან ირიბი შედეგი. თავის მხრივ, დასაქმების შესახებ ინფორმაციის დაყოფა დასაქმების სტატუსის მიხედვით უზრუნველყოფს სტატისტიკურ საფუძველს მუშაკთა ქცევისა და სამუშაო პირობების აღწერისთვის და ინდივიდის სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის განსაზღვრისთვის.
თვითდასაქმებული სამუშაოები არის ისეთი სამუშაოები, სადაც ანაზღაურება პირდაპირ დამოკიდებულია წარმოებული საქონლისა და მომსახურების შედეგად მიღებულ მოგებაზე (ან მოგების პოტენციალზე, სადაც საკუთარი მოხმარება მოგების ნაწილად ითვლება). თვითდასაქმებულები საქმიანობის პროცესში იღებენ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს ან მათ დელეგირებას ახდენენ. ასეთი გადაწყვეტილებები, თავის მხრივ, გავლენას ახდენს თვითდასაქმებულის საქმიანობაზე, რაც იმასაც ნიშნავს, რომ თვითდასაქმებულები იმავდროულად ინარჩუნებენ პასუხისმგებლობას „საწარმოს“ კეთილდღეობაზე (ამ კონტექსტში „საწარმო“ერთპიროვნულ ოპერაციებს გულისხმობს).
საქართველოში თვითდასაქმებული პირების საქმიანობის მწირი რეგულაციის მიუხედავად, ასეთი პირების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა იზიარებს იურიდიულ მეცნიერებაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“.
გამოყენებული წყაროები:
· რუსიაშვილიგიორგი, სამოქალაქოკოდექსისკომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29;
· საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N ას-62-2023, 16.03.2023წ; N ას-1198-2022, 28.04.2023წ.; N ას-412-2023, 25.05.2023წ.; N ას-108-2025, 19.05.2025წ.; N ას-194-2025, 26.09.2025წ.
· https://newunionpost.eu/2025/02/06/dg-enest-eu-enlargement-commission/
· https://enlargement.ec.europa.eu/document/download/b172a84b-f3f6-40d1-82f0-135514617901_en?filename=EU-Georgia-factsheet-2024-final.pdf
· https://site-api.pensions.ge/uploads/docs/legislation/Law-of-Georgia%20-on-Funded-Pension-2025.pdf
· https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=232
· https://gtuc.ge/wp-content/uploads/2021/12/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf
· https://www.ilo.org/resource/resolution-concerning-international-classification-status-employment-icse-0
· https://www.eso.ky/UserFiles/File/International%20Classification%20by%20Status%20in%20Employment%20(ICSE-1993).htm
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/




