გასული კვირა მოწმობაა იმისა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი ნგრევის იმ ფაზაშია, სადაც დანაკარგები უკვე აღარც დროებითია და აღარც შემთხვევითი.
მოსკოვის ყოფილი ვასალების შეხვედრა ტრამპთან – იყო ვაშინგტონის ახალი განაცხადი იმ რეგიონულ წესრიგზე, რომელიც საქართველოს გვერდის ავლით ყალიბდება.
ხუთი პლუს ერთი, ორი პლუს ერთი – ყველა ფორმულაში ამერიკა პლუსია, საქართველო კი – მინუსი.
ყაზახეთი უერთდება ტრამპის მიერ ინიცირებულ „აბრაამის ხელშეკრულებას“, ჩვენ კი, ვისაც ოდესღაც შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის პრივილეგია გვქონდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი მეზობლებს დავუთმოთ.
თვით გერმანია იწყებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ლობირებას, კანცლერმა მერცმა, გასულ კვირას, ანკარაში, ფაქტობრივად ეს თქვა, საქართველოს არაფორმალური მმართველი კი გერმანიის ელჩს სიძულვილით სავსე კამპანიის მთავარ სამიზნედ ირჩევს.
ქვეყანა, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკის ავანგარდში იყო, დღეს აუტსაიდერიც აღარ არის – მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ გაფრთხილებების ნაცვლად წითელი ბარათი მიიღოს და ევროპული მოედნიდან საერთოდ გააძევონ.
„ოცნებას“ ოპოზიციის განადგურების პოლიტიკა ახალ ფაზაში გადაყავს: დასავლეთსა და უკრაინას მტრულ საქმიანობაში ადანაშაულებს, ჩინეთის კომუნისტური მმართველობის ერთპარტიულ მოდელს ღირებულებით ორიენტირად აცხადებს, ხოლო რუსეთის მონობის იდეოლოგებს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებად ნიშნავს. “ნეიტრალისტების”, კაკაბაძე-შაქარაშვილების ტექსტებს სახელმწიფო ბრალდებების იურიდიულ საფუძვლებად, მათ მარგინალურ პროპაგანდას – რეჟიმის იდეოლოგიურ ღერძად აყალიბებს.
რუსეთი თანმიმდევრულად და მეთოდურად ახორციელებს საქართველოს დეევროპეიზაციას – და ამ პროცესის მთავარი ინსტრუმენტად და შესაბამისად სამიზნედ უკვე განათლების სისტემას არჩევს.
სწორედ ამიტომ ე.წ. „რეფორმის“ საფარქვეშ თავს ესხმიან უმაღლეს სასწავლებლებს, აკადემიურ სივრცეს, თავისუფალ განათლებას. დასავლურ უნივერსიტეტებთან დამაკავშირებელი ყველა არხი უნდა ჩაიჭრეს, ქართველი ახალგაზრდისთვის და მისი ოჯახისთვის განათლება უფრო ძვირი და მიუწვდომელი გახდეს.
ოცნების ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, მოსახლეობა – გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების პირობებში, სადაც ინფლაცია აუცილებელ და ყველაზე მოხმარებად საკვებსა და ნივთებზე ხშირად 10-15%-ს აჭარბებს.
დასავლური ინვესტიციების გაქრობას არაბული კაპიტალი ანაცვლებს.
საუკეთესო მიწები და ისტორიული ტერიტორიები კრწანისიდან გონიომდე ისე იყიდება და ნაწილდება, თითქოს ის ივანიშვილისა და კალაძეების წინაპართა სისხლით იყოს მორწყული.
საპატრიარქო დუმს, სამაგიეროდ დევნის და მღვდელმსახურებას უჩერებს იმ მღვდლებს, ვინც საკუთარი მრევლისა და ხალხის დასაცავად ხმას იმაღლებს.
ელვის სისწრაფით, ჩვენს თვალსადახელს შუა ქვეყანა კარგავს უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის შედეგად მოპოვებულ გეოპოლიტიკურ სტატუსს და ყალიბდება რუსეთის დანამატად საერთაშორისო პოლიტიკაში, მოსკოვის ინსტრუმენტად ჩრდილოვან ეკონომიკურ სქემებში, საქართველოს მოსახლეობა ანგარიშშია როგორც მხოლოდ ამ სქემების მომსახურე რესურსი, რომელსაც ახლა უკვე განათლების სისტემაში მასშტაბური რუსული ინფლიტრაციით ისტორიულ მეხსიერებას ჩაუნაცვლებენ ,,მოყვრის მგმობი, მტრის ვერ და არ მცნობი” იდეოლოგიით.
საქართველო დგას ზღვარზე – სადაც დუმილი დანაშაულის ხარისხს, ნების დაკარგვა – ქვეყნის დაკარგვას უახლოვდება.
თუ ეს საზოგადოება შიშს ანაცვალებს პასუხისმგებლობას, მაშინ აღარ დარჩება არც დასავლეთის პარტნიორობა, არც სუვერენიტეტი – მხოლოდ ერთპარტიული ტყვეობა და საკუთარი ქვეყნის ილუზია.
და ვისაც ჯერ კიდევ აქვს ხმა და პასუხისმგებლობის თუნდაც ოდნავი განცდა – სწორედ ახლა უნდა ილაპარაკოს, სანამ მისი ხმა ისტორიაში დაკარგული ექოდ არ გადაიქცევა.




