ახალი კვლევის მიხედვით, სულ რაღაც 275 წლის შემდეგ, მსოფლიოს უამრავი ქალაქი და დასახლება შესაძლოა წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.
პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერების პროგნოზების მიხედვით, 2300 წლისთვის ანტარქტიდის ყინულის შელფების დაახლოებით 59 პროცენტი შეიძლება გადნეს და თუ ეს მართლაც მოხდა გლობალური ზღვის დონე 10 მეტრით აიწევს რაც მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება .
ბრიტანეთში წყალქვეშ აღმოჩნდება ჰალი, გლაზგო და ბრისტოლი, ხოლო აშშ – ში ჰიუსტონის, ნიუ – ორლეანისა და მაიამის მოსახლეობას კონტინენტის შიდა ტერიტორიებზე მოუწევს გადასახლება.
შესაძლოა ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის სიუჟეტად მოგეჩვენოთ, თუმცა მეცნიერების ვარაუდით აღნიშნული რეალობად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ სითბური გაზების გამოყოფა კვლავ განაგრძობს ზრდას.
“ყინულის თაროების მდგრადობა ძლიერ არის დამოკიდებული სითბური გაზების გამოყოფის მასშტაბებზე, დაბალი ემისიის შემთხვევაში 2300 წლისთვის მხოლოდ ერთი ყინულის შელფი გახდება არამდგრადი, მაშინ როდესაც უკიდურესად ნეგატიური სცენარში ეს მაჩვენებელი 59%-ს აღწევს” – აცხადებენ მეცნიერები.
ანტარქტიდა 15 ძირითად და მრავალ მცირე ყინულის შელფს მოიცავს, ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ყინულის მასის შენარჩუნებაში.
“ე.წ. დამჭერი ეფექტის მეშვეობით ყინულის შელფები ხელს უშლიან მიწაზე არსებული ყინულის მასის ზღვაში გადინებას და სწორედ ამიტომ ანტარქტიდის დამცავ ზოლს წარმოადგენენ ” – განმარტეს კლარა ბურგარდის ხელმძღვანელობით მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა
მკვლევრების თქმით, შედეგების გავლენა ბევრად უფრო ადრე იგრძნობა: “დაახლოებით 2085–დან 2170 წლამდე პერიოდი იქნება ის დრო, როდესაც ყველაზე მეტი ყინულის შელფი გახდება არამდგრადი”“ — აღნიშნეს მათ.
თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მათ საკმაოდ ფრთხილი შეფასება გააკეთეს და შელფების ჩამოშლა შეიძლება ბევრად ადრე დაიწყოს, რაც ყინულის მგრძნობელობაზე, ნაპრალებზე, ბზარებზე და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
· “Climate Central“ – ის სანაპირო რისკების კვლევების ინსტრუმენტის მიხედვით თუ ზღვის დონე მართლაც 10 მეტრით აიწევს, მთელ მსოფლიოში უამრავი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდება.
ბრიტანეთში დაიტბორება პორტსმუთი, საუთენდ-ონ-სი, ჰალი, მიდლსბრო, ბლექპული, ბრისტოლი და კარდიფი. თემზის სანაპირო ზოლიც მთლიანად დაიფარება, მათ შორის ჰემერსმითი, გრინვიჩი, საუთვორკი და ვესტმინსტერი.
ევროპაში წყალქვეშ აღმოჩნდება სანაპირო ზოლი კალედან (საფრანგეთი) დანიის ქალაქ რინგკიობინგამდე, ასევე ვენეცია, მონპელიე, სევილია და ლისაბონი.
აზიის მხარეს დაიტბორება ბანგლადეშის დიდი ნაწილი, ასევე ქალაქები შანხაი, ჰო-ში-მინი და კარაჩი. აშშ-ში საფრთხე ემუქრება ფლორიდის, ლუიზიანის და ტეხასის მთელ სანაპიროს.
თუმცა, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევები მსოფლიო საზოგადოებას იმ სწრაფი ქმედების აუცილებლობაზე დააფიქრებს, რომლებიც სითბურის გაზების შესამცირებლად იქნება მიმართული და ამით მომავალ ეკოლოგიურ კატასტროფას აიცილებს თავიდან.
წყარო: ambebi.ge




