„გამაყრუებელი განგაში“: ლუვრის გახმაურებული ძარცვის მიზეზები

ლუვრის გახმაურებული ძარცვიდან სამი კვირის შემდეგ, საფრანგეთის აუდიტის სასამართლო მუზეუმის უსაფრთხოებაში ჩადებული ხარჯების ნაკლებობაზე საუბრობს. მის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პარიზის ეს სახელგანთქმული მუზეუმი, უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, უპირატესობას „თვალისმომჭრელ და მიმზიდველ“ პროექტებს ანიჭებდა.
ძარცვა, რომლის მიერ მიყენებულმა ზარალმა 88 მილიონი ევრო შეადგინა, „მუზეუმის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზების სავალალო ტემპზე მეტყველებს“. ეს განცხადება აუდიტის სასამართლოს თავმჯდომარემ, პიერ მოსკოვიჩიმ ანგარიშის წარდგენისას გააკეთა, რომელიც მუზეუმზე თავდასხმამდე მომზადდა და 2018-2024 წლების პერიოდს მოიცავს.
ეკონომიკისა და გადასახადების საკითხებში ყოფილი ევროკომისრისა და საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის თქმით, ლუვრის მუზეუმს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საკმარისი სახსრები გააჩნდა.
„თუმცა, მან ეს თანხები არასათანადოდ დახარჯა“, – დასძინა მოსკოვიჩიმ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციების ჩადება „აუცილებელი იყო მუზეუმის გრძელვადიანი ფუნქციონირებისთვის“, მაგრამ დაწესებულებამ „უპირატესობა თვალისმომჭრელ და მიმზიდველ პროექტებს მიანიჭა, ნაცვლად იმისა, რომ შენობებისა და ტექნიკური საშუალებების, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის, განახლებაზე ეზრუნა“.
„ჭარბი რესურსების მიუხედავად, მუზეუმი, მრავალი პროექტის არასათანადოდ დაგეგმვის გამო, ისეთი ხარჯების წინაშე აღმოჩნდა, რომლის გაწევაც არ შეეძლო“.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხელოვნების ნიმუშების დასაცავად საჭირო აღჭურვილობის დამონტაჟების საქმეში მუდმივი ჩამორჩენაა. 2024 წელს მუზეუმის დარბაზების მხოლოდ 39 პროცენტი იყო აღჭურვილი უსაფრთხოების კამერებით.
„პროექტის დასრულებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. მუზეუმის გათვლებით, უსაფრთხოების კამერების მონტაჟის დასრულება 2032 წლამდე მოსალოდნელი არ არის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აუდიტის სასამართლო აცხადებს, რომ გადაჭარბებული ხარჯების გაღებამ ხელოვნების ნიმუშებზე, რომელთა მხოლოდ მეოთხედი იყო საჯაროდ გამოფენილი, აგრეთვე მენეჯმენტის არაეფექტურობამ და თაღლითობამ ბილეთების გაყიდვებში, ხელი შეუწყო ლუვრის მუზეუმის უმოქმედობას, უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
მოსკოვიჩის მიერ წარდგენილ ანგარიშს ლუვრის მენეჯმენტი უკვე გამოეხმაურა და მასში შეტანილი „რეკომენდაციების უმეტესობა“ მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სფეროში მიღებული რამდენიმე ზომა აუდიტმა „არ გაითვალისწინა“ და ანგარიშში არ ასახა.
მოსკოვიჩი ასევე დაუპირისპირდა სექტორის მუშაკთა პროფკავშირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქურდობა, ნაწილობრივ, უსაფრთხოების პერსონალის ნაკლებობის გამო გახდა შესაძლებელი. ანგარიშის ავტორის განცხადებით, „უსაფრთხოების გაუმჯობესება თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშეც არის შესაძლებელი“.
„19 ოქტომბრის ძარცვამ აჩვენა, რომ რომ მას უსაფრთხოების არაადეკვატურმა აღჭურვილობამ შეუწყო შეუწყო“, – აცხადებს აუდიტის სასამართლოს თავმჯდომარე.
მის მიერ მომზადებული ანგარიშის კრიტიკული პათოსი ლუვრის გაძარცვის შემდეგ კულტურის სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების წინასწარ დასკვნებშიც მეორდება.
წყარო: 1 არხი