მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხეში რაბათის ციხე-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც ბაზრის კვლევის თანდართულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს.
როგორც ირკვევა, მიუხედავად რაბათის ციხის ისტორიული მნიშვნელობისა და ტურისტული პოტენციალისა, კომპლექსი დროთა განმავლობაში დაზიანდა და საჭიროებს კომპლექსურ სარეაბილიტაციო ჩარევას, რათა გაუმჯობესდეს მისი ფიზიკური მდგომარეობა, შენარჩუნდეს რაბთის ციხის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებები და ისტორიული ავთენტურობა.
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2011-2012 წლებში განხორციელებული დაბალი ხარისხის მშენებლობის შედეგად, ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებები აღინიშნება კომპლექსის უმეტეს შენობა-ნაგებობაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად დაგეგმილია დაზიანებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია:
· ციტადელი მთლიანად;
· მუზეუმთან არსებული თაღი;
· მარმარილოს თაღებიანი სახურავი;
· ფაშას ოთახის ჭერი;
· ზედა შესასვლელების კოშკები;
· ადმინისტრაციის შენობის სახურავი და აივანი;
· ადმინისტრაციის წინ კოშკი და სახურავი;
· კაფე-ბარის არსებული ქვის იატაკი;
· ბავშვთა ოთახის სახურავი;
· ქვედა სველი წერტილების სახურავები;
· საინფორმაციოს სახურავი;
· რესტორანი „რაბათი“-ს სახურავი;
· მესხური ოდას სახურავი;
· „ბილაინის“ ოთახის სახურავი;
· ნათენაძის რესტორნის სახურავი;
· ეკლესიის სახურავი;
· შესასვლელი კოშკის სახურავი;
· მუზეუმი და მუზეუმის საცავი.
“პროექტის განხორციელების შედეგად, დაგეგმილია დაზიანებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს ახალციხის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის, მნიშვნელობას და წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდაში. რეაბილიტირებული ძეგლი ორგანულად ინტეგრირდება ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქცევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის კულტურულ და სოციალურ მიზიდულობის ცენტრად”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
bpn.ge




