ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა:
”უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება. უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში და მის შემდეგ”, – განუცხადა მან ბიზნეს ლიდერებს
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანიც ესწრებოდნენ. ზელენსკიმ ბიზნესმენებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინამ აღადგინა საექსპორტო შესაძლებლობები რუსეთისგან დამოუკიდებელი „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებით – ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან. დავიწყეთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ სხვა საქონლის ტრანსპორტირებაც – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინაში ინვესტიციებისა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ვიზიტი ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო, სადაც სწორედ უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების აუცილებლობასა და საჭიროებებზე იყო საუბარი.