ბოლო წლებში ჩინეთის არნახული წინსვლა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს. ამიტომ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: აშშ-სა და ჩინეთს შორის ლიდერობისთვის გაჩაღებული ჭიდილი „ზეციური იმპერიის“ (Tiānxià / 天下) სასარგებლოდ ხომ არ დასრულდება? შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელია ციფრები, რომლებსაც გამოცემა Le Grand Continent ავრცელებს:
· 2024 წელს, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩინელმა მკვლევრებმა უფრო მეტი აკადემიური ნაშრომი გამოაქვეყნეს, ვიდრე მათმა ევროპელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა ერთად – 24 000 სამეცნიერო პუბლიკაცია, 19 000-ის წილ; ამასთან, ჩინეთი ლიდერია ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ კრიტიკულად მიჩნეულ 64-დან 57 ტექნოლოგიაში.
· 2024 წელს ჩინეთმა, თავისი შიდა ბაზრისთვის, უფრო მეტი რობოტი გამოუშვა, ვიდრე მსოფლიოს ყველა დანარჩენმა ქვეყანამ ერთად.
· სულ რაღაც ერთ წელიწადში, ჩინეთმა იმაზე მეტი მზის პანელი დაამონტაჟა, ვიდრე აშშ-ის მთელი არსებული პარკია: 212 გიგავატი სიმძლავრე, 178-ის საპირწონედ.
ეკონომისტ ქსავიერ დიუპრეს თქმით, ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინეთი სრულად შევიდა მასობრივი ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში. ოფიციალურმა პეკინმა უკვე დაასახელა ქვეყნის მომდევნო მიზანი: განავითაროს „მესამეული (სერვისების მიწოდების – რედ.) სექტორი“ (tertiary sector), რათა „გახდეს სერვისებზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელშიც მრეწველობის წილი შემცირდება“.
როდესაც საქმე ზესახელმწიფოებს ეხება, მათ შორის ტონის მიმცემი ამჟამად ჩინეთია – ან, ყოველ შემთხვევაში, თითქმის ლიდერია. ის თანდათან ისეთი ტემპებით ქაჩავს ვაჭრობასა და ეკონომიკაში დაკარგულ პოზიციებს, რომ შეერთებულ შტატებს უკვე უწევს მეტოქეობას. შემთხვევითი არ არის, რომ ამჟამად ჩინეთი თავისი ტექნოლოგიურ უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობს და ამას „ბიძია სემის“ დასანახად აკეთებს.
ამ შთამბეჭდავ შედეგებს 2015 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ დამტკიცებული ხუთწლიანი გეგმის რეალიზება განაპირობებს. „პროგრამა სახელწოდებით, „დამზადებულია ჩინეთში 2025“ (Made in China 2025), მიზნად ისახავდა ქვეყნის მაღალ დონეზე აყვანას, ჩინეთის გარდაქმნას მსოფლიოს სახელოსნოდან მსოფლიოს ქარხნად, აგრეთვე მაღალი დამატებითი ღირებულების ტექნოლოგიების ცენტრად გადაქცევას“, – ასე აჯამებს ქვეყნის მიღწევებს ქსავიერ დიუპრე. „ჩინეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ექსპონენციალური ზრდა იმდენად დიდია, რომ 2024 წლის ბოლოს მან უკვე მიაღწია დასახულ მიზნებს“, – განმარტავს ჟოზეფ ჟაკმოტის ფონდის ეკონომისტი. უფრო მეტიც – დიუპრეს თქმით, ჩინეთი თავისი ეკონომიკის მთელ ჯაჭვს თავადვე აკონტოლებს. მაგალითად, რობოტებს, რომლებსაც მისი შიდა მოხმარებისთვის არის საჭირო, თავადვე აწარმოებს: „ეს არის მთლიანად ვერტიკალური კონცენტრაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იშვიათმიწა ლითონს მოიპოვებენ, ამუშავებენ და შემდეგ ისე გარდაქმნიან, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ინტეგრირება ინდუსტრიული ტრანსფორმაციის პროცესში, რომელიც დღეს ჩინეთში მიმდინარეობს“.
დიდი ხნის განმავლობაში, ჩინეთი, ინოვაციების კუთხით ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. დღეს სიტუაცია იმ დონემდე შეიცვალა, რომ ის (ინოვაციები) „ზეციური იმპერიისთვის“ გარდაუვალი აუცილებლობა გახდა. ამაში იგულისხმება მის ტერიტორიაზე არსებული იშვიათმიწა ლითონების ექსპლუატაცია და კონტროლი, რაც ელექტრონული პროდუქტების წარმოებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. „დღეს „ეფლის“ 200 მომწოდებლიდან 156 ჩინეთშია, რაც ნიშნავს რომ „ეფლის“ დამატებითი ღირებულების კონცენტრირება ჩინეთში ხდება“, – განმარტავს ქსავიერ დიუპრე.
ჩინეთი ეკოლოგის სფეროშიც კი მთავარი მოთამაშე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა დიდ ფსონს დებს ნარჩენების გადამუშავებაზე, რათა ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს, „ამ გადამამუშავებელი აღჭურვილობის ნაწილი, სავარაუდოდ, ჩინეთში მოპოვებული და დამუშავებული იშვიათმიწა ლითონებისგან არის დამზადებული“, – ამბობს ეკონომისტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებზეა სპეციალიზებული.
დიუპრესთვის ეს „დიდი ცივილიზაციური შემობრუნების“ მტკიცებულებაა. „მე-18 საუკუნეში ჩინეთი უკვე მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა იყო“, – იხსენებს ის. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში, ის მსოფლიო სცენიდან გაქრა, მაგრამ ახლა ისევ დაბრუნდა. ეს არის ცვლილება, „რომლის პროგნოზირებაც უკვე 2001 წელს შეიძლებოდა, როდესაც ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანდა“.
კითხვა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ – ჩინეთი შეერთებული შტატების წინააღმდეგ: არის თუ არა ავტორიტარიზმი ეკონომიკური წარმატების რეცეპტი?
ცენტრალიზაციის ჩინური მოდელი, რომელშიც, უკვე მრავალი ათწლეულია, რაც მმართველი პოლიტიკური ძალა თითქმის ყველა დონეს აკონტროლებს, განისაზღვრება, როგორც სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. პოლონელი ოსკარ ლანგეს მიერ თეორიულად ჩამოყალიბებულ ამ მოდელში, სახელმწიფოს ეკუთვნის ძირითადი საწარმოო საშუალებები, რაც, ჩინეთის შემთხვევაში, მშპ-ს 40%-ს შეადგენს. მის სხვადასხვა ინსტრუმენტს შორის ურთიერთობები საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, თუმცა ფასები შეიძლება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დადგინდეს ან კორექტირდეს. „ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომელმაც პრაქტიკაში თავისი ეფექტურობა დაამტკიცა“, – მიიჩნევს დიუპრე.
„ამის საპირისპიროდ, დონალდ ტრამპი ავტორიტარიზმს იყენებს არა საზოგადოების, არამედ ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური ელიტის (ოლიგარქიის) ინტერესებისთვის“, – აცხადებს ეკონომისტი.
ზემოთ დასმულ განზრახ თავხედურ კითხვას პირდაპირ რომ არ ვუპასუხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ის მაინც ვამტკიცოთ, რომ ჩინეთმა, მზის პანელების დამონტაჟებაში განხორციელებული მასიური ინვესტიციების დახმარებით, 2025 წლის პირველ ნახევარში CO₂-ის ემისიები 1%-ით შეამცირა. მაშინ, როდესაც აშშ, ისევე როგორც ევროპა, რომელიც გარემოს დაცვის „დაპაუზებისკენ“ ისწრაფვის, „საკმაოდ სერიოზულად ჩამორჩებიან“. შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკური ჰეგემონია უკვე დადგა.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”




