2025 წლის 24 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება №277, რომლის მიხედვითაც განახლდა გადასახადის გადამხდელისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძვლები.
კერძოდ, ცვლილება შევიდა 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში – დოკუმენტში, რომელიც არეგულირებს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვას, ანგარიშგებას და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების პროცედურებს. ამის შესახებ აღნიშნულია BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვაში.
№916 ბრძანების 13⁴ მუხლის 1² პუნქტს დაემატა ახალი „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დამატებით სამართლებრივ საფუძველს. ცვლილება ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გადასახადის გადამხდელს რამდენიმე საბანკო ანგარიში აქვს და საგადასახადო ორგანომ ერთი და იგივე საინკასო დავალებით ჩამოწერა გადასახადის ან/და სანქციის თანხა ერთზე მეტი ანგარიშიდან, განსაზღვრულზე დიდი ოდენობით.
ამგვარ ვითარებაში, გადასახადის გადამხდელს უფლება ეძლევა, მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, მიმართოს საგადასახადო ორგანოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
ცვლილების მიზანია ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და გადასახადის გადამხდელთათვის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა.
bm.ge




