საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.
“დადასტურდა, რომ ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, [პაველ ჰერჩინსკის] ამ წერილში თავადვე დაადასტურა ბრიუსელმა, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი დახარჯული თანხების გასაჯაროება,”- ამბობს შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, აღნიშნული წერილი „კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად“.
„ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილში თავად დაადასტურა ბრიუსელმა, ეს არის ბრიუსელის მხრიდან საკუთარი თავის მხილება, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების, საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება. ეს ვერ გვაპატიეს ქართველებს. ჩვენს ქვეყანაში ბრიუსელი, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და როგორ გავბედეთ ქართველებმა და მოვიკითხეთ, იქნებ გვითხრათ, რაში ხარჯავთ ფულს, არ მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა. ესეც აჩვენებს იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის. ჩვენი მოწოდებაც ესაა, დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნილ წერილში იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.
როგორც მედიასაშუალება იუწყება, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს წერს, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია.
„საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“, – წერს ჰერჩინსკი „რუსთავი 2-ის“ ცნობით.




