საქართველო, რომელიც რეგიონში დასავლეთისთვის მთავარ პარტნიორს და საყრდენს წარმოადგენდა, დღეს სწრაფად კარგავს ამ სტატუსს. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენი სამეზობლოდან ყველას უმასპინძლა, საქართველოს ოფიციალურ პირებთან მაღალ დონეზე ყოველგვარი კომუნიკაცია შეჩერებულია. ტექნიკურ დონეზე კი მხოლოდ თანამშრომლობის განახლების პერიოდულ შეხსენებას ვისმენთ.
ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი იქით, საითაც წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართებოდა – აღმოსავლური ტიპის კონტროლის მოდელისკენ, სადაც სახელმწიფო იგივდება ერთ კაცთან და სამართალი ემსახურება მხოლოდ მის პოლიტიკურ და ფინანსურ საჭიროებებს…
ევროკავშირის ბოლო მკაცრ შეფასებას რეჟიმმა უპასუხა არა თვითკრიტიკით, არამედ შურისძიებით. ციხეში მყოფი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – თან ისე, რომ დასავლეთის კრიტიკა ბრალდების მთავარ საყრდენ მტკიცებულებადაა მოყვანილი.
პროკურატურა მათ ბრალს სდებს ,,საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში“. ზუსტად ასეთია სისხლის სამართლის 319-ე მუხლის ფორმულირება.
პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირდაპირ არის მოხსენიებული როგორც მტრული ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოში „მტრულ საქმიანობას“ ეწევიან.
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პროპაგანდის ტექსტი, ან შიდა მოხმარების პოლიტიკური რიტორიკა – ეს არის სამართლებრივი და დიპლომატიური განაცხადი, რომელსაც სახელმწიფოებრივი დონის შედეგები მოყვება.
რადგან თუ საქართველოს მთავრობა და გენერალური პროკურატურა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებად აცხადებს და ზუსტად ამას ამბობს სახელმწიფო ბრალდება გვარაკაძის პირით – დასავლეთი იძულებული ხდება ამ შეფასებას უპასუხოს, არა ემოციით, არამედ სამართლებრივად, ფინანსურად, დიპლომატიურად და პოლიტიკურად.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკულ სიბრტყეზე?
ეს ნიშნავს, რომ შეიძლება სრულად გაუქმდეს ფინანსური დახმარების პროგრამები, სრულად შეჩერდეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, დაიბლოკოს ასოცირების ფორმატები და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებზე გავრცელდეს იმ სანქციების ნაწილი, რომლებიც ჯერ მხოლოდ რეჟიმის ელიტას ეხებოდა.
ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ რეალობაში, სადაც საქართველოს მოქალაქისთვის ამერიკული ან ევროპული საბანკო მომსახურება, ვიზა ან საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა პრობლემად იქცევა – იმიტომ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, ანუ საქართველომ, ოფიციალურ დოკუმენტში საკუთარი ხელით ჩაწერა: „დასავლეთი მტერია“.
რა თქმა უნდა, ეს უკვე აღარ არის ერთი ახირებული, შეურაცხადი, თუ უპასუხისმგებლო მმართველის პოლიტიკის თამაში, ეს არის ლამის გამოუსწორებელი სახელმწიფოებრივი თვითდაზიანება.
და ამ შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ივანიშვილი, ან მისი პროკურორი არაა.
პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვისაც დღემდე ჯერა, რომ შეიძლება დასავლეთს აგინო, ლანძღო, მტრად გამოაცხადო და ამავე დროს მისი პრივილეგიებით ისარგებლო.
ვინც ფიქრობს, რომ ეს „მხოლოდ სიტყვებია“ და მას პასუხი არ მოყვება.
ვინც რეალობას უყურებს ისე, როგორც ბავშვი შეცქერის დიდი ტალღის მოახლოვებას – როგორც თამაშს და არა როგორც საფრთხეს.
ეს უკვე ტალღაც აღარ არის – მთაა, რომელიც ჩვენს თავზე მოექცა.
და როცა ის ჩამოიქცევა, აღარავის ეშველება და ვერც ვერავინ დაიძვრენს თავს იმ არგუმენტის იმედად, რომ „მე პოლიტიკაში არ ვერევი“.




