უნგრეთი ერთი წლის განმავლობაში გათავისუფლდება რუსული ნავთობის იმპორტის გამო აშშ-ის მიერ დაწესებული მეორადი სანქციებისგან – ამის შესახებ CNN-ი იტყობინება, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
რუსული ნავთობის შესყიდვაზე ამერიკული სანქციებისგან გათავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის პარასკევს გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხად სახელდებოდა. ვიქტორ ორბანის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, ნავთობისა და გაზის ხელსაყრელ ფასად შეძენა უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი შეწყვეტა უნგრეთის ეკონომიკას „მუხლებზე დააყენებს“.
სოციალურ პლატფორმა X-ზე, ვიქტორ ორბანი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს – შესაძლებლობისთვის, რომ ევროპაში ყველაზე დაბალ ფასად მიიღონ ენერგომატარებლები.
„გადაწყვეტილება მიღწეულია: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გარანტია მოგვცა, რომ მილსადენები TurkStream-ი და Friendship-ი სრულად გათავისუფლდებიან სანქციებისგან”, – დაწერა ორბანმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აშშ-ში ამუშავებენ ბუდაპეშტის შესაძლო სანქციებიდან გათავისუფლების საკითხს, რათა მას დარჩეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამგვარი დათმობის მიზეზად დაასახელა ფაქტი, რომ უნგრეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ის კვლავაც მძლავრად არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე.
პარალელურად, უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანია MOL-მა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.
ფორუმი




