ოკუპირებულ სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე, შტურმით აიღეს, ქალაქკომის ყოფილი შენობა რომელსაც ანკლავში 1993 წლიდან ე.წ „პრეზიდენტის რეზიდენციას“ უწოდებენ. დაარბიეს სეპარატისტთა ლიდერის და მისი გარემოცვის კაბინეტები, თავდამსხმელები ქალაქკომის შენობას ამ დრომდე აკონტროლებენ და არ იშლებიან.
შტურმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „გმირი“, ბოევიკი ახრა ავიძბა იყო, გასული წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული ორი ე.წ “კანონიერი ქურდიდან”, ერთ-ერთის ალხას ავიძბას ბიძაშვილი.
რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ახრა ავიძბამ ქალაქკომის შენობაში შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მკვლელებს რაულ ჰაჯიმბას მოქმედი რეჟიმი მფარველობს და კვალი “ქართველ კანონიერ ქურდებამდე მიდის”.
ანკლავის კრიმინალურ და ბანდიტურ ელემენტებთან ერთად, სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობის დარბევასა და რაულ ჰაჯიმბას ქალაქიდან გაძევებაში, ძირძველი აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაცია „ამცახარას“ აქტივისტები და ლიდერებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ალხაზ კვიცინია.
2019 წლის ივლისში, რაულ ჰაჯიმბას ძალაუფლებას სწორედ ალხაზ კვიცინია ეცილებოდა, მაგრამ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დამარცხდა:
სიტუაცია რა თქმა უნდა კოშმარულია, იმიტომ რომ სწორედ ხაჯიმბამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. მთელი პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს, მათ აფხაზეთი პრაქტიკულად დაანგრიეს” ალხაზ კვიცინია, “ამცახარა”
„პოლიტიკური სიტუაცია რა თქმა უნდა კოშმარულია, იმიტომ, რომ სწორედ ხაჯიმბამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. მთელი პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს, მათ ქვეყანა პრაქტიკულად დაანგრიეს“ – აღნიშნა კვიცინიამ.
მასთან ერთად ქალაქკომის ყოფილ შენობაში ასევე მივიდა ასლან ბჟანია, ღიად პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს, მოსკოვში მოწამლეს, რომ ე.წ „არჩევნებში“ „საპრეზიდენტო კანდიდატი“ აღარ ყოფილიყო.
სეპარატისტების ლიდერი რაულ ჰაჯიმბა ბიჭვინთაში, ერთ-ერთ ყოფილ საბჭოთა სამთავრობო აგარაკზე გაიქცა, სადაც გარემოცვას „სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა“ დაავალა.
ჯერჯერობით, ანკლავის სამხედრო დაჯგუფებები შიდა აფხაზურ კონფლიქტში არ ჩარეულან. რაულ ჰაჯიმბამ თქვა, რომ მზად არის „საგანგებო მდგომარეობაც“ გამოაცხადოს.
„ყველამ კარგად იცის თუ რა მოხდა დღეს, პრაქტიკულად მიდის სახელმწიფო გაატრიალების პროცესი და ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ სიტუაციის ნორმალიზებისთვის“ – ხაზი გაუსვა ჰაჯიმბამ.
დაძაბული დღის ბოლოს, ე.წ “აფხაზურმა სახალხო კრებამ“ ჰაჯიმბას მოუწოდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, “თანადებობა” საკუთარი ნებით დატოვოს. ამ “დადგენილებას” ე.წ „დეპუტატთა“ “უმრავლესობამ” დაუჭირა მხარი, თუმცა ჰაჯიმბას გარემოცვა “სხდომას” უკანონოდ მიიჩნევს.
პრაქტიკულად მიდის სახელმწიფო გაატრიალების პროცესი რაულ ჰაჯიმბა, სეპარატისტების ლიდერი
საბჭოთა კაგებეს ყოფილ თანამშრომელს ტყვარჩელელ რაულ ჰაჯიმბას რუსული ოკუპაციის წლებში, ანკლავის სეპარატისტულ „ხელსუფლებაში“ არაერთი “მაღალი პოსტი” ეჭირა.
2014 წელს კი ჰაჯიმბამ ძალაუფლება ხელში სწორედ სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობის დაკავებით და სოხუმიდან სეპარატისტების წინა ლიდერის – ალექსანდრე ანქვაბის გაძევებით ჩაიგდო.
რუსეთი, რომელმაც ბოლო წლებში ყველაფერი გააკეთა ანკლავში რაულ ჰაჯიმბას კლანის გასაძლიერებლად, ჯერჯერობით დაპირისპირებაში ფორმალურ „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს. რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ დრომდე დისლოკაციის ბაზებზე რჩებიან.




