სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს, TV პირველისა და ფორმულას გაერთიანებულ ეთერში პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმურობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიამოვნებით “დაუთმობს ადგილს” პრეზიდენტს, რომელიც ლეგიტიმურად იქნება არჩეული.
“ჩვენ, ვგულისხმობ საზოგადოება და პოლიტიკური სივრცე, რომელიც თვლის, რომ შარშან, 2024 წელს არჩევნები იქნა გაყალბებული … თუ არჩევნები გაყალბებული იქნა და ჩვენ, ყველანი ასე ვთვლით, ე.ი. პარლამენტი იყო არალეგიტიმური და მისი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ლეგიტიმური. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევა. ჩემი ლეგიტიმურობა არის მხოლოდ ინსტიტუტის ლეგიტიმურობა, არა ჩემი პერსონალური. მე არ ვპოზიციონიერებ და არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არის ინსტიტუტის [ლეგიტიმურობა], რომელიც რჩება, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში […] ახორციელებს რაღაცებს [“ქართული ოცნების” მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი] და თვითონაც აქვს ეს მოთხოვნა […] ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვრჩებით ამ სამართლებრივ სივრცეში და მე ველოდები ახალ არჩევნებს – ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ლეგიტიმურ არჩევნებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც შემდეგაც, ახალი პარლამენტი დანიშნავს ახალ პრეზიდენტს და სიამოვნებით დავუთმობ ადგილს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ფაქტობრივად,მას, როგორც პრეზიდენტს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია – “მაქვს ერთადერთი ბერკეტი – სიტყვა”, თუმცა, აგრძელებს ბრძოლას, რათა ქვეყანა იმ, იზოლაციისგან დაიცვას, რომელშიც საქართველოს “ქართული ცნება” აქცევს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” პარლამენტმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ოპოზიცია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, არც ყაველაშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. თავად ყაველაშვილი, თავის საჯარო გამოსვლებში, ხშირად უსვამს ხაზს, რომ ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მაგალითად, ყაველაშვილი საკუთარი სტატუსის ლეგიტიმაციის მტკიცების რეჟიმში იყო 7 ნოემბერსაც, თელავში,”ერეკლეობის” დღესასწაულზე.
ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას მან კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა – “თქვენ ან მოგიწევთ ამ ხელისუფლების აღიარება, ან ნელ-ნელა განიდევნებით, ნელ-ნელა გაიწევით გვერდზე, იმიტომ რომ შეუძლებელია… მაიცა, ვინა ვარ მე? – ა, პრეზიდენტი ვარ? აღიარებთ, რომ პრეზიდენტი ვარ?”.




