დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრების მიმართულებით, 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელმა რამაზ შარაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, თბილისის სავაჭრო ცენტრების მიწოდება შეადგენს 300 ათასს კვადრატულ მეტრს, რაც თავის თავში, დაახლოებით, 20-მდე თანამედროვე სავაჭრო სივრცეს მოიაზრებს.
„იჯარის კუთხით, მკვეთრი მატება ამ სეგმენტში არ ფიქსირდება. წელს, საშუალო შეწონილი საიჯარო განაკვეთი 20 დოლარს შეადგენს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-იან ზრდას წარმოადგენს. სავაჭრო ცენტრების საერთო ვაკანტურობის კოეფიციენტი კი 8%-ია“, – ამბობს რამაზ შარაბიძე.
Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელი ელოდება, რომ თბილისში სავაჭრო ფართებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან, დღეისათვის დედაქალაქში არსებული რიგი სავაჭრო ცენტრები, თითქმის, 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ და სავაჭრო ფართების დეფიციტი აქვთ.
ცნობისთვის, თბილისში 2024 წელს 29 ახალ სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, დედაქალაქის ბაზარზე სავაჭრო ფართების მიწოდება გაიზრდება.
bp.ge




