“იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს” | ბენდელიანის განმარტება წერეთელზე, “პარმას” მუშაობაზე

იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს – ასე ხსნის თბილისის მერის მოადგილე წერეთლის გამზირზე შპს პარმას გამოჩენას მაშინ, როდესაც მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად ახალ კომპანიასთან კონტრაქტორი ჯერ არ გაუფორმებია. “პარმას” წარმომადგენლები წერეთლის გამზირზე გასულ ღამეს მივიდნენ. მათ თანამშრომლებს ადგილზე დღეს დილით “მთავარი არხი” ესაუბრა.
მერიაში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტებები კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ კონტრაქტების გაწყვეტის შემდეგ, მუნიციპალიტეტი დაჩქარებულ რეჟიმში ეძებს კომპანიას, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს:
“შპს პარმა ადგილზე დაგხვდათ, არ ვიცი რას გულისხმობთ. იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვინაიდან კომპანიები ზოგადად ერთმანეთისგან ქირაობენ ხოლმე ტექნიკებს და თქვენ თუ იმას გულისხმობთ, რომ რომელიღაცა ტექნიკას, კონკრეტული კომპანიის ბრენდირება აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კომპანია კონტრაქტორია.” ამბობს ბენდელიანი.
არსებული ინფორმაციით, “პარმა” ბერა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს ეკუთვნის.